20:01 | 18 აგვისტო, 2026 — რუსეთი
აზერბაიჯანმა რუსული მედიის "პროვოკაციული" განცხადებების გამო რუსეთის ელჩი დაიბარა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს, ბაქოში რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეთქვა რუსულ მედიასა და საინფორმაციო სივრცეში აზერბაიჯანის, მისი ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული "პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი" განცხადებების გამო.
ვითარების არსი: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩ მიხეილ ევდოკიმოვის ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს იმ განცხადებებზე, რომლებიც გასულ კვირას გადაცემა "ჩისტოტა პონიმანიას" ფარგლებში აზერბაიჯანისა და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერდა.
- "გარდა ამისა, მას შეახსენეს 7 აგვისტოს რადიო 'სპუტნიკის' ეთერში გასული გადაცემა, მასში გამოთქმული აბსურდული პრეტენზიები აზერბაიჯანის ხელისუფლების 'რუსეთის ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში' შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე 16 აგვისტოს ტელეკომპანია 'სპასის' ეთერში აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ კვლავ გამოთქმული პროვოკაციული მოსაზრებები," - აღნიშნულია განცხადებაში.
სტრიქონებს შორის: სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დისკუსიები აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში შესაძლო ჩარევის შესახებ, ისევე როგორც მოწოდებები ქვეყნისა და მისი ხელისულების მიმართ ფიზიკური ძალადობისკენ, "მიუღებელია."
- სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ბაქოს მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, აღკვეთილიყო მსგავსი ქმედებები, და მიუხედავად ამ საკითხის განხილვისა სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე, მსგავსი რიტორიკის კიდევ უფრო უხეში ფორმით გაგრძელება "სერიოზული შეშფოთების მიზეზია."
- "შეხვედრისას რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაეცა ჩვენი მოლოდინი, რომ გატარდება სასწრაფო და ეფექტიანი ზომები საინფორმაციო და მედია სივრცეში აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების, მუქარისა და ძალადობრივი რიტორიკის დასასრულებლად," - ხაზი გაუსვა სამინისტრომ.
დიდი სურათი: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად 2024 წლის 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. ბაქომ მომხდარი უმძიმეს დანაშაულად შეაფასა და მოსკოვისგან სრული პასუხისმგებლობის აღება, მიზეზების გამოძიება და ზარალის ანაზღაურება კატეგორიულად მოითხოვა.
- ამ ინციდენტს მოჰყვა დიპლომატიური ომი და რეპრესიული ზომები ორივე მხრიდან. რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეების მასობრივი დაკავებები და ეთნიკური ნიშნით შევიწროება დაიწყო, რასაც ბაქომ საპასუხო ნაბიჯებით უპასუხა - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.
- კრიზისი საბოლოოდ პოლიტიკური შეთანხმებით დასრულდა: ვლადიმერ პუტინმა მომხდარის გამო ოფიციალურად მოიხადა ბოდიში, ხოლო 2025 წლის 9 ოქტომბერს დუშანბეში გამართულ სამიტზე პრეზიდენტები შეთანხმდნენ.
- აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეებმა ავიაკატასტროფის შედეგები, მათ შორის კომპენსაციის გადახდის დეტალები და სამართლებრივი საკითხები, სრულად შეაჯერეს და პრობლემა ამოწურულად გამოაცხადეს.