ახალი ამბები

18:09 | 04 აგვისტო, 2026 — სომხეთი

ბაირამოვი: სომხეთმა კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები უნდა ამოიღოს

"სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას შესაძლებლად მივიჩნევთ სომხეთის კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შემცველი დებულების ამოღების შემდეგ," - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 4 აგვისტოს, ბაქოში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან ინიაციო კასისთან შეხვედრაზე.

ვითარების არსი: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის ანალოგიურ განცხადებას, რომელმაც აზერბაიჯანულ-თურქულ Haber Global-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს დაუკავშირა.

  • აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულაში ნახსენები დამოუკიდებლობის დეკლარაცია ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს აზერბაიჯანის მიმართ (კერძოდ, ყარაბაღთან გაერთიანების შესახებ) და სანამ ეს მუხლები ძალაშია, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია.
  • ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტად ორ ქვეყანას შორის "დე ფაქტო" - ფაქტობრივი მშვიდობის დამყარება მიიჩნია, რის კონტექსტშიც ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებისთვის ორმხრივი ფორმატის მნიშვნელობას.
  • "ამ ფორმატმა მსოფლიოს თავისი ეფექტურობა დაუმტკიცა და აზერბაიჯანი მზად არის, გააგრძელოს პროცესი ამ ფორმატში," - განაცხადა ბაირამოვმა.

სტრიქონებს შორის: მან ასევე ისაუბრა ე.წ. "ტრამპის გზაზე", რომელმაც აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილი ნახიჩევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. 

  • "ჩვენი მოლოდინია, რომ მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ სომხეთში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აზერბაიჯანმა დიდწილად შეასრულა თავისი ვალდებულებები," - აღნიშნა ბაირამოვმა.
  • Armenpress-ის ცნობით, აშშ-ს ხელისუფლებამ TRIPP-ის სამეწარმეო ფონდის მოცულობა გაორმაგა და 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონამდე გაზარდა.

დიდი სურათი: 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ლიდერების მონაწილეობით ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი დებულება ეხება "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) განხორციელებას.

  • პროგრამის მიზანია აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მის ექსკლავ ნახიჩევანს შორის კავშირის უზრუნველყოფა, რომელიც სომხეთის სამხრეთ ნაწილზე გაივლის.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე