ახალი ამბები

22:34 | 16 აგვისტო, 2026 — ისრაელი

ბენ გვირი: ღაზას სექტორში ყოველდღიურად 30-დან 40-მდე ადამიანი უნდა მოკვდეს

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა განაცხადა, რომ ღაზაში ყოველდღე "30-დან 40-მდე" ადამიანი უნდა მოკვდეს.

ვითარების არსი: ბენ გვირმა ეს განცხადება "ჰამასის" ყოფილ მძევალის, რომ ბრასლავსკის პოდკასტის - "8 ოქტომბრის" სადებიუტო ეპიზოდში გააკეთა.

  • "საიდუმლო არ არის, რომ პრემიერ-მინისტრს არ ვეთანხმები," - განაცხადა ბენ გვირმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის და საერთაშორისო ძალისხმევის ფონზე ღაზაში ისრაელის მიერ ოპერაციების შემცირების შესახებ.
  • "მიმაჩნია, რომ ღაზაში მიზნობრივი მკვლელობები უნდა განხორციელდეს - ყოველ ღამით 30-დან 40-მდე ადამიანის განადგურება. არა მხოლოდ მათი, ვინც უშუალო საფრთხეს წარმოადგენს - იქ არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ღირსნი არ არიან. ისინი არ უნდა ცოცხლობდნენ. ისინი ადამიანებიც კი არ არიან." - აღნიშნა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა.

სტრიქონებს შორის: ბენ გვირი ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის წევრია, თუმცა მას სამხედრო ძალებზე გავლენა არ აქვს და ღაზაზე დარტყმების ბრძანებას ვერ გასცემს.

  • მიუხედავად ამისა, ისრაელის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ სპექტრში ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობის შემდეგ, ის ახლა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია.
  • პოდკასტში საუბრისას ბენ გვირმა ასევე მხარი დაუჭირა ღაზიდან პალესტინელების მასობრივ ემიგრაციას - ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების თქმით, ეთნიკურ წმენდას უდრის. მან ასევე მოითხოვა ისრაელის მიერ ღაზაში ახალშენების მშენებლობის დაწყება.
  • "მე მთელ ღაზას ჩვენად აღვიქვამ, დასახლებები არა მხოლოდ გუშ კატიფში (ისრაელის დასახლებათა ბლოკი ღაზაში, რომლის ევაკუაციაც 2005 წელს მოხდა - რედ.), არამედ მთელ ღაზაში; რაც შეიძლება მეტი ემიგრაციის წახალისება, მათი გაგზავნა თავიანთ ქვეყნებში, ხოლო ტერორისტებისთვის - არანაირი ემიგრაცია, არაფერი, უბრალოდ მათი ცალ-ცალკე დახოცვა." - თქვა ბენ გვირმა ინტერვიუში. 

დიდი სურათი: 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელს დაესხა თავს,რის შედეგადაც 1195 ისრაელის და უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 251 მძევლად აიყვანეს.

  • მას შემდეგ დაწყებული ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზაში 73 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელი აცხადებს, რომ მათგან დაახლოებით 25 ათასი ჰამასის მებრძოლია.
  • ღაზაში ომი მესამე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად დასრულდა, რომელიც 2025 წლის 10 ოქტომბერს ამოქმედდა.
  • "ჰამასმა" ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისფულა 2 ათასი პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა 10 ოქტომბერს, თუმცა მას შემდეგ ისრაელი აგრძელებს სხვადასხვა ობიექტებზე თავდასხმას, რის შედეგადაც 1060-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
  • "ჰამასმა" სამშვიდობო გეგმის ფარგლებში თავისი სამოქალაქო ხელისუფლებიდან გადადგომის შესახებ 2026 წლის 6 ივლისს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის 31 ივლისს აღნიშნა, რომ მისმა "მშვიდობის საბჭომ"  მიაღწია შეთანხმებას ღაზაში "ჰამასისა" და სხვა სამხედრო ორგანიზაციების განიარაღების შესახებ.

ასევე ნახე