14:19 | 24 ივლისი, 2026 — რუსეთი
"ბენზინი კატასტროფულად ცოტაა" - რუსი სამხედროები საწვავის კრიზისს უჩივიან
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმებით გამოწვეულმა საწვავის კრიზისმა ფრონტამდეც მიაღწია.
ამის შესახებ გამოცემა "ვიორსტკა" რუს სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
ვითარების არსი: რუსი სამხედროების თქმით, მათ პრობლემები ექმნებათ პირადი ავტომობილებისა და გენერატორების გამართვისას.
- ჯარისკაცებს ბენზინის ყიდვა ხშირად საკუთარი სახსრებით, კრიზისის გამო გაზრდილ ფასებში უწევთ.
- ცალკეული სამხედროები ჩივიან, რომ საწვავზე ლიმიტები სამხედრო ტექნიკისთვისაც კი დაწესდა.
- "დიახ, ბენზინზე სრული კატასტროფაა. თუ ადრე საწვავს იღებდნენ იმ რაოდენობით, რაც დავალებების შესასრულებლად იყო საჭირო, ახლა ლიმიტი დღე-ღამეში თითო მანქანაზე მაქსიმუმ 20 ლიტრია". - ამბობს მედიასთან სამხედრო მოსამსახურე ნიკიტა.
- "ვიორსტკას" რესპოდენტების თქმით, საწვავი ასევე არ ყოფნის მომარაგების მანქანებს, რომლებიც ზურგიდან ფრონტის ხაზს ტყვია-წამალს, საკვებს და მედიკამენტებს აწვდიან.
ჩაშლილად: გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, საწვავის კრიზისის უფრო მასშტაბურ სახეს იღებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე.
- ჯარისკაცებს მინიმალური საწვავის მისაღებად 10-15 კილომეტრის გავლა უწევთ.
- გამოკითხული ათი სამხედროდან მხოლოდ სამს არ უთქვამს არაფერი უწყებრივი საწვავის მიწოდების პრობლემებზე. ]
- რამდენიმე სამხედრომ ასევე შეამჩნია, რომ მიწოდებული ბენზინი ხარისხი შეიცვალა. "ისეთი სუფთა არაა, როგორც ბენზინგასამართ სადგურებზე". - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი.
- ფაქტობრივად ყველა სამხედრომ, ვინც "ვიორსტკას" ესაუბრა, აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო - შეზღუდვებით თუ მათ გარეშე - საწვავს მხოლოდ სამხედრო ტექნიკისთვის აწვდის, ხოლო პირადი ავტომობილების, გენერატორების, ბენზოხერხებისა და სხვა ტექნიკის გამართვა მათ ხშირად დამოუკიდებლად უწევთ.
ფართო ხედით: კრიზისის პირობებში, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა რუს სამხედროებზე საწვავს 5–6-ჯერ ძვირად ჰყიდიან. ამ ფულს რუსი ჯარისკაცები საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
- როგორც მობილიზებულმა პიოტრი განმარტავს, თეორიულად შესაძლებელია გენერატორისთვის ან სხვა ტექნიკისთვის ბენზინის მიღება, მაგრამ ამისთვის ის პოლკის ბალანსზე უნდა დადგეს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, ტექნიკა შესაძლოა წაიღონ და სხვა ადგილას გადაიტანონ.
- სამხედროების საწვავის პრობლემებზე უკვე წერენ z-არხები და მოხალისეები, რომლებიც რუსი სამხედროების დახმარებისთვის ფულს აგროვებენ.
კონტექსტი: უკრაინულმა იერიშებმა რუსეთის შიდა გადამუშავების სიმძლავრეები 40%-ით შეამცირა, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისი გამოიწვია.
- რუსეთში საწვავის კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. ერთბაშად ექვს რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში 95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ბოლო ერთ თვეში სამჯერ გაიზარდა.
- მხოლოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სადგურების უმეტესობა რიგების გარეშე ან მცირე რიგებით. ამასთან, სანქტ-პეტერბურგში ბოლო დღეებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
- საწვავის კრიზისის გამო რუსეთმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანაა, საწვავის შეძენა ინდოეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან დაიწყო.