უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ („მადიარი“) განაცხადა, რომ 13 ივლისის ღამეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 15 გემი დააზიანეს, ბოლო რვა დღის განმავლობაში კი 105 მცურავი საშუალება გამოიყვანეს მწყობრიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბროვდის განცხადებით, ამ ოპერაციის შედეგად, ოკუპირებული ყირიმის ინფრასტრუქტურა უწყვეტი დარტყმების ქვეშ მოექცა, ქერჩის სრუტეში ნაოსნობა პარალიზებულია, ხოლო გემების ჩამოცლა მინიმუმამდეა შეზღუდული.
- „13 ივლისის ღამეს თავისუფლებისმოყვარე უკრაინულმა ფრინველმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 15 გემზე ინადირა: 7 ტანკერზე, 5 მშრალტვირთმზიდზე, 1 ბორანსა და 2 ბუქსირზე“ - განაცხადა „მადიარმა“.
დეტალურად: უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა ასევე გაასაჯაროვა 12-13 ივლისის ღამეს ჩატარებული ოპერაციის -„ყირიმის რუბილნიკი - OFF“-ის შედეგები.
- მისი თქმით, ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმა მიაყენეს სხვადასხვა სიმძლავრის ცხრა ქვესადგურს, ასევე ყუბანი-ყირიმის ელექტროგადამცემ სტრატეგიულ ობიექტს, რომელზეც იერიში ბოლო 48 საათში უკვე მეორედ განხორციელდა.
- გარდა ამისა, მისივე მონაცემებით, უკრაინულმა დანაყოფებმა გაანადგურეს C-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები დანადგარი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ და ორი რადიოლოკაციური სადგური.
- მან ასევე დასძინა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის მთელ ტაქტიკურ სიღრმეზე, დანაყოფის დრონებმა 1725 სამიზნეს დაარტყეს (მათ შორის ლიკვიდირებულია 418 ოკუპანტი).
კონტექსტი: შეგახსენებთ, რომ 11 ივლისის ღამეს უპილოტო სისტემების ძალების პილოტებმა აზოვის ზღვის აკვატორიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 28 გემს შეუტიეს.
- მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 8 ივლისის ღამეს „მადიარის ქვედანაყოფებმა“ აზოვის ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ 19 ტანკერი დააზიანეს.
- იმავე დღეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებმა შავ ზღვაში Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონით კიდევ ერთ რუსულ ტანკერს მიაყენეს ზუსტი დარტყმა.