დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

10:36 | 24 სექტემბერი, 2026 — ბრიტანეთი

ბრიტანეთი რუს ოლიგარქებს, უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციებს არ მოუხსნის

ბრიტანეთი არ აპირებს სანქციები მოუხსნას რუს ოლიგარქებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა.

ვითარების არსი: სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერნემი არ ეთანხმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების მოხსნის შესახებ.

  • ევროპულმა საბჭომ 22 სექტემბერს ორივე ოლიგარქი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო. ამავდროულად, შეზღუდვები ერთბაშად სამი წლით - 2029 წლის 22 სექტემბრამდე - გაუგრძელდა დაახლოებით 3 ათას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
  • მანამდე სანქციების რეჟიმის განახლება ყოველ ექვს თვეში იყო საჭირო.

სტრიქონებს შორის: უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვდნენ. როგორც ადრე სააგენტო Reuters წერდა, პარიზმა თავისი პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით განმარტა.

  • Reuters-ის წყაროები ამას საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირებდნენ.
  • ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღებას ლუქსემბურგი ითხოვდა. მანამდე რუსმა ოლიგარქმა ამ ქვეყნის წინააღმდეგ 16 მილიარდი დოლარის საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა.
  • ფრიდმანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას სლოვაკეთიც ითხოვდა, ხოლო ლატვია ბოლო მომენტამდე ეწინააღმდეგებოდა ორივე ბიზნესმენის სიიდან ამოღებას.

დიდი სურათი: ბრიტანეთმა ალიშერ უსმანოვს სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა. მისი აქტივები გაიყინა და უსმანოვს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

  • გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ ეს შეზღუდვები უსმანოვის პუტინთან ურთიერთობასა და რუსული სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებში მის საქმიანობას დაუკავშირა.
  • ფრიდმანსაც ბრიტანული სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესდა.
  • დასაბუთებებს შორის ხელისუფლება ასახელებდა მის კავშირებს "ალფა-ჯგუფთან" და "ალფა-ბანკთან." ორივე ოლიგარქი კვლავ რჩება ბრიტანეთის სანქცირებულ პირთა სიაში.

კონტექსტი: გამოცემა The Insider წერდა, რომ სანქციების დაწესების შემდეგ ფრიდმანი ჩიოდა საბანკო ბარათების დაბლოკვასა და ყოველდღიური ხარჯების დაფარვისთვის ხელისუფლებისგან ნებართვის მიღების აუცილებლობაზე.

  • უსმანოვი სანქციების გასაჩივრებას ევროპულ სასამართლოებში ცდილობდა, თუმცა 2024 წელს ევროკავშირის საერთო სასამართლომ მისი სარჩელი უარყო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე