ახალი ამბები

11:34 | 14 ივლისი, 2026 — რუსეთი

ჩინეთი მალულად ამყარებს კავშირს რუსეთის სავარაუდო მომავალ მმართველებთან - WSJ

ჩინეთი მალულად ამყარებს ურთიერთობებს რუსეთში იმ ადამიანებთან, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: WSJ-ის პუბლიკაციის თანახმად, ჩინეთის გრძელვადიანი სტრატეგია რუსეთის მიმართ სცილდება მხოლოდ პუტინთან კავშირებს და მოიცავს ურთიერთობების განმტკიცებას იმ ჩინოვნიკებთან და ელიტებთან, რომლებიც მართავენ ქვეყანას პუტინის წასვლის შემდეგ.

  • შესაძლო ცვლილებებს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო ხდება დამოკიდებული პეკინზე, ხოლო პუტინს სი ძინფინგთან მიმართებაში მთხოვნელის როლში ვხედავთ.
  • რუსეთი სულ უფრო ხშირად ავლენს ჩინური შპიონაჟის მცდელობებს საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს შორის. თუმცა, მოსკოვი ამჯობინებს ამ შემთხვევების გასაჯაროებასა და პეკინის წინაშე საკითხის დასმისგან თავის არიდებას, რათა არ გაართულოს ორმხრივი ურთიერთობები, აცხადებენ ანალიტიკოსები და რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული წყარო.
  • მიუხედავად მოსკოვის და პეკინის განცხადებებისა პარტნიორობის შესახებ, ამ კავშირში დაძაბულობის ნიშნებიც იჩენს თავს. ომის დაწყებიდან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მართლაც გაორმაგდა, თუმცა ძირითადი ზრდა შემოჭრის პირველ წლებზე მოდის.
  • რუსულ ბაზარზე ჩინური პროდუქციის შემოდინებამ ადგილობრივი ბიზნესის უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ, "როსტეხის" ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა, ჩინური მანქანების რაოდენობის შეზღუდვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ მიიღო ზომები, რამაც ჩინეთიდან შემოყვანილ ავტომობილებზე ფასების ზრდა გამოიწვია.
  • მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობებში უთანხმოების კიდევ ერთი ნიშანი გახდა ჩინეთის უარი გაზსადენ "ციმბირის ძალა-2"-ის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე პუტინის პეკინში ვიზიტის დროს. ჩინელმა ჩინოვნიკებმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერს ნათლად მიანიშნეს, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზს შიდა ბაზრის ფასად მიაწვდის.

სიღრმისეულად: ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიმ პუტინისგან მნიშვნელოვანი დათმობის მოპოვება შეძლო: მოსკოვი დათანხმდა, რომ ჩინური იუანი გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების ბანკის ძირითადი ვალუტა.

  • ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, რადგან შიშობდა ჩინეთის გავლენის გაძლიერებას რეგიონში, რომელსაც ტრადიციულად საკუთარ ინტერესთა სფეროდ მიიჩნევდა. თუმცა, ფინანსურმა იზოლაციამ აიძულა მოსკოვი გადაეხედა პოზიციისთვის.

დიდი სურათი: 2024 წელს, პუტინის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, ჩინეთმა მას უფლება არ მისცა, პირველი საზღვარგარეთული ვიზიტის დროს პეკინიდან პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებულიყო.

  • ჩინურმა მხარემ ითხოვა ვიზიტების დროში გამიჯვნა, რადგან თანმიმდევრობა "ჩინეთი - რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა" გააძლიერებდა ნარატივს "ავტორიტარული სახელმწიფოების ღერძის" შესახებ, რის თავიდან აცილებასაც პეკინი ცდილობს.
  • გარდა ამისა, პეკინს სულ უფრო მეტად აშფოთებს რუსეთის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა ფხენიანთან. პუტინი დათანხმდა ამ პირობას და მარშრუტში ვიეტნამი ჩართო, რათა შეექმნა საჭირო პოლიტიკური დისტანცია.
  • ამასთანავე, ჩინეთმა უარყო პუტინის მიერ პირად საუბრებში გამოთქმული თხოვნა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით სამმხრივი სამიტის გამართვის შესახებ.

ასევე ნახე