ახალი ამბები

17:49 | 10 ივნისი, 2026 — ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ბოლო 30 წელში ყველაზე მეტად გამდიდრდა

როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გამდიდრდა.

ვითარების არსი: სტატიის მიხედვით ჩრდილოეთ კორეის მშპ 2024 წელს 3.7%-ით გაიზარდა და ეს ტემპის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 8 წლის განმავლობაში.

  • დღეისთვის ქვეყნის მდგომარეობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე მას შემდეგ, რაც 15 წლის წინ კიმ ჩენ ინი მოვიდა ხელისუფლებაში.
  • შესაძლოა უფრო ძლიერიც, ვიდრე მამამისის, კიმ ჩენ ირის, მმართველობის დროს, 1994-2011 წლებში.

ეკონომიკურ ზრდის მიზეზები: ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური აღმავლობა პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან. 

  • გარდა ცოცხალი ძალისა(დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი), რომლითაც ფხენიანი მოსკოვს დაეხმარა, ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან იარაღითა და ტყვია-წამლით ვაჭრობს.
  • სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მონაცემებით, 2023-2024 წლებში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ვაჭრობით 7-დან 14 მილიარდ დოლარამდე მოიგო.
  • ეს საკმაოდ მსხვილი თანხაა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სავარაუდო მშპ 27 მილიარდ დოლარს შეადგენს.
  • რუსეთის გარდა ქვეყანას ჩინეთიც ეხმარება, მიმდინარე წლის მარტში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ ბოლო რვა წლის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.

წინარე ისტორია: ჩრდილოეთ კორეა უმძიმეს მდგომარეობაში 2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის დროს აღმოჩნდა.

  • კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და რესურსების არ ქონის გამო, ქვეყანამ უმკაცრესი იზოლაციის ზომები მიიღო.
  • საზღვარი ჩაიკეტა რეჟიმის მთავარ პარტნიორთან - ჩინეთთან, რომლიდანაც პროდუქტების, მასალებისა და ნედლეულის იმპორტი ხდებოდა.
  • დაიკეტა მრავალი საწარმო, რასაც ჩრდილოეთ კორეაში პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დეფიციტი მოჰყვა.
  • სახალხო რესპუბლიკის ლიდერსაც კი მოუწია საჯაროდ ეღიარებინა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სირთულეებია.

სტრიქონებს შორის: The Wall Street Journal-ს გაესაუბრნენ გიდი გაერთიანებული სამეფოდან ზოი სტივენსი და ავსტრალიური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი როუენი ბირდი.

  • ორივე რესპოდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წელში ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი საგრძნობლად შეიცვალა.
  • სულ უფრო მეტი ადამიანი გადახდებისთვის იყენებს ბანკის ბარათებსა და QR კოდებს, კოვიდის შემდგომ პერიოდში ანგარიშსწორება ძირითადად ნაღდი ფულით ხდებოდა.
  • მაღაზიებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების სმარტფონები, ხოლო ქუჩაში სულ უფრო მეტი ჩინური წარმოების ავტომობილებია.
  • გიდების თქმით, დედაქალაქში 2020 წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია რესტორნებისა და კაფეების რაოდენობა.
  • თუმცა აღსანიშნავია, რომ ფხენიანს გარეთ, ჩრდილოეთ კორეა უკიდურესად ღარიბ ქვეყანად რჩება.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე