ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ რუსი ახალწვეულები უკრაინის ომში ჩასვლიდან საშუალოდ 20-30 წუთში კვდებიან.
ვითარების არსი: "ჩვენი სადაზვერვო მონაცემები ემთხვევა ღია წყაროებიდან გავრცელებულ ზოგიერთ ცნობას, რომლებიც შესაძლოა უკრაინაში გინახავთ," - აღნიშნა რეტკლიფმა.
- მისი თქმით, ჯარისკაცებისთვის გადარჩენა უფრო რთული გახდა, რადგან "ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო საფრენი აპარატები მაღალსპეციალიზებულ და იაფ მკვლელ მანქანებად იქცნენ."
- რეტკლიფმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისება გახდა "ძალთა ბალანსის გამათანაბრებელი მძლავრი ფაქტორი" და რუსული არმიის წინსვლის ტემპის შენელება გამოიწვია.
სტრიქონებს შორის: სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანალიტიკოსების ცნობით, 2026 წელს რუსეთის არმია რვაჯერ მეტი სამხედროს კარგავს, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები.
- ორგანიზაციის შეფასებით, თუკი რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შეფარდება ომის დროს ძირითადად 2:1-ზე ან 3:1-ზე იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი, 8:1-მდე გაიზარდა.
- ზოგიერთი მონაცემით, რუსეთის დანაკარგების 90%-ზე მეტი სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებზე მოდის და არა უშუალო საბრძოლო შეტაკებებზე.
დიდი სურათი: Bloomberg აღნიშნავს, რომ უკრაინასთან შედარებით რუსეთის მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, კიევი ახერხებს მოსკოვის წინსვლის შეკავებას, რაც დიდწილად დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში არსებული ინოვაციების დამსახურებაა.
- ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი კვირაში დაახლოებით 7 ათას ჯარისკაცს კარგავს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მოწინააღმდეგის სამიზნეების" 80%-ზე მეტი სწორედ დრონებით ნადგურდება.
- Bloomberg წერს, რომ რეტკლიფის განცხადებები გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები განიხილავენ ახალი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას უკრაინული დრონების პროგრამებისთვის და ცდილობენ წვდომა მოიპოვონ იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მართვის სისტემებს.