19:02 | 17 აგვისტო, 2026 — თურქეთი
ერდოღანი: ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთისთვის პრიორიტეტი აღარ არის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა უარს არ ამბობს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, თუმცა ბლოკში გაწევრიანება მის პრიორიტეტებში აღარ არის.
ვითარების არსი: მან აღნიშნა, რომ თურქეთს გაწევრიანების კარი არ დაუხურავს, თუმცა ეს საკითხი აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს.
- "ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის," - ხაზი გაუსვა ერდოღანმა.
სტრიქონებს შორის: ბოლო დროს თურქეთის ხელისუფლება განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამო, კერძოდ, ერდოღანის მეტოქისა და სტამბოლის ყოფილი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გამო.
- იმამოღლუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს, ორშაბათს სტამბოლის სილივრის რაიონის სასამართლოში გაგრძელდა.
- მას ბრალი ედება კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნაში.
- თურქული ოპოზიცია იმამოღლუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ერდოღანს ადანაშაულებს სასამართლო სისტემის გამოყენებით თავისი მთავარი მეტოქის ჩამოშორების მცდელობაში.
დიდი სურათი: თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა პროცესი ამჟამად გაყინულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროში ქვეყნის უწყვეტი უკუსვლის გამო.
- მაისში ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის მომავალი არქიტექტურა თურქეთის გარეშე არასრული იქნება.
- გასულ წელს მედია წერდა, რომ ნატომ ევროკავშირსა და თურქეთს ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ
მოუწოდა , აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მიმართ გატარებული პოლიტიკის ფონზე. - 2026 წლის თებერვალში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი თურქეთს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ეწვია. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში.