თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისევ აპირებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას. წარსულში ასეთ ფაქტს ამერიკასა და ნატოს სხვა მოკავშირეებთან თურქეთის ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა.
CBS News-თან ინტერვიუში ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არასოდეს მიუღია ამერიკისგან ნაყიდი მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-35 და აიძულებდნენ უარი ეთქვა რუსულ სისტემებზე ამერიკული "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემის მისაღებად.
ამერიკის ხელისუფლება ერდოღანს არ ეთანხმება.
"თურქეთს რამდენჯერმე ჰქონდა შესაძლებლობა ეყიდა "პატრიოტის" სისტემები, მაგრამ მათ რუსული S-400-ების შეძენა ამჯობინეს, რაც რუსეთისთვის დამატებითი შემოსავლის და გავლენის წყაროა," - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
"მე პრეზიდენტ ბაიდენს ყველაფერი ავუხსენი," - თქვა ერდოღანმა ინტერვიუში.
2019 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს F-35-ები მას შემდეგ აღარ მიაწოდა, რაც ქვეყანამ რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-ები შეიძინა. ამერიკის ხელისუფლების თქმით, ეს გადაწყვეყილება ნატოსთვის საზიანო იყო და რუსეთს აძლევდა საშუალებას დეტალური ინფორმაცია მიეღო F-35-ების შესახებ.
გარდა ამისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ ის ისევ გეგმავს რუსული საჰაერო სისტემების შეძენას.
"ვერავინ ჩაერევა ამ საკითხში. ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს," - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.