22:22 | 09 ნოემბერი, 2026 — ევროკავშირი
ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრისთვის €50 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის (Black Sea Maritime Security Hub) შექმნის დაჩქარების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს, რუმინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ვითარების არსი: მისი თქმით, ევროკავშირი რუმინეთსა და ბულგარეთთან ერთად დააჩქარებს მუშაობას ცენტრის შექმნაზე, დააწესებს პროექტის დასრულების მკაფიო ვადებს და მისთვის ცალკე ფინანსებს გამოყოფს.
- ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ასეთი ცენტრის შექმნის იდეა პირველად ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაში 2025 წლის შუა პერიოდში წარადგინეს. ამავდროულად, მას შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა მოსალოდნელზე სწრაფად გაუარესდა.
- "დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუმინეთთან და ბულგარეთთან შეთანხმებით, ჩვენ ახლა დავაჩქარებთ მუშაობას შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრზე, განვსაზღვრავთ მისი დასრულების მკაფიო ვადებს და ამისთვის 50 მილიონი ევროს სპეციალურ დაფინანსებას გამოვყოფთ," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
სტრიქონებს შორის: ის ასევე მიესალმა რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს შორის საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავებას და ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობას.
- ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ კვირაში ბულგარეთსა და რუმინეთს ეწვვევა შავ ზღვაში გემებზე დრონების თავდასხმების სერიის ფონზე.
დიდი სურათი: მანამდე ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა დაგმეს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმები და ნაოსნობის უსაფრთხოების საკითხებზე კოორდინაციის მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ.
"ტრაგიკული ინციდენტები დაძაბულობის სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს და სერიოზულ რისკებს უქმნის ნაოსნობის უსაფრთხოებასა და რეგიონულ ვითარებას. როგორც შავი ზღვის სახელმწიფოებსა და ნატოს მოკავშირეებს, ჩვენ გვეკისრება ერთობლივი პასუხისმგებლობა, მივიღოთ აუცილებელი ზომები რეგიონში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად," - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.