19:08 | 04 ივნისი, 2026 — სომხეთი
ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დახმარებას დაჰპირდა
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, ევროკავშირი სომხეთისთვის მხარდაჭერის ზომებს ამზადებს.
ამ ზომებს შორისაა გადაუდებელი ფინანსური დახმარება 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობით.
დეტალები: "და ეს მხოლოდ დასაწყისია. პაკეტი ითვალისწინებს სავაჭრო პირობების გამარტივებას მთელი რიგი სომხური საქონლისთვის, კერძოდ, აგროსასურსათო პროდუქციისთვის. ასევე, პრაქტიკულ მხარდაჭერას ისეთი დაზარალებული დარგებისთვის, როგორიც მეყვავილეობაა". - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
- მისი თქმით, უკვე 5 ივნისს ლატვიაში 10 ათასი სომხური ყვავილისგან შემდგარი პარტია უნდა შევიდეს.
- ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთს "რეგიონული სატრანსპორტო კავშირების აღდგენის კვალდაკვალ (იგულისხმება თურქეთი) ინფრასტრუქტურისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების განვითარებაში".
- ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ამ პრიორიტეტებზე მინისტრების დონეზე გასამართი შეხვედრის ფარგლებში, ფორმატში "ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პლატფორმა", რომელიც 23 ივნისს გაიმართება", — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კონტექსტი: 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ აქამდე არნახულ ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს.
- რუსეთმა 22 მაისს აკრძალა სომხეთიდან ყვავილების ექსპორტი.
- 30 მაისიდან - შემოიღო დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შემოტანაზე.
- 2 ივნისიდან - სომხეთიდან კურკოვანი კულტურების ნაყოფის (ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამის) და ახალი ყურძნის შემოტანაზე.
- ხოლო 3 ივნისიდან - სომხეთიდან თესლოვანი კულტურების ნაყოფის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის შემოტანაზე.
- გარდა ამისა, რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, სომხეთმა 2 ივნისიდან უნდა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქციის სერტიფიცირება.
- 2 ივნისს ფაშინიანმა რუსეთში სომხური პროდუქტების გარკვეული სახეობების შემოტანის აკრძალვას არასწორი და პოლიტიზებული უწოდა.