10:00 | 04 ივნისი, 2026 — რუსეთი
ფაშინიანი: ნუ გვაკეთებინებენ არჩევანს წიწაკასა და სახელმწიფოს შორის
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთთან ევრაზიული კავშირის საკითხზე კამათს არ აპირებს.
"მაგრამ გაერთიანებამ უნდა აჩვენოს რესპუბლიკისთვის კავშირის ახალი პოზიტიური შესაძლებლობები". - ამბობს ფაშინიანი,
დეტალურად: ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ "თბილი და მეგობრული" საუბარი ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან:
- "რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან თბილი, მეგობრული საუბარი მქონდა, კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. და ჩვენს პარტნიორებსაც ვეუბნები, რომ არასწორია გზა, როდესაც ცდილობენ მიგვანიშნონ, თუ რამხელა ზიანი შეუძლია მიაყენოს ევრაზიულმა კავშირმა სომხეთს. ეს არ არის მეგობრული საუბარი". - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა.
- ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევრაზიულ კავშირში "საკმარის ბერკეტებს ფლობს იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ ყველა პრობლემა გადაწყვიტოს".
- "ნუ გვაკეთებინებენ არჩევანს წიწაკას და სახელმწიფოს შორის. სომხეთში მომავალშიც გაიზრდება ვარდებიც, წიწაკაც, გარგარიც, ექსპორტი კი ორჯერ, ოთხჯერ გაიზრდება, მათ შორის ევრაზიული კავშირის ქვეყნებში". - თქვა ფაშინიანმა.
კონტექსტი: 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ აქამდე არნახულ ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს.
- რუსეთმა 22 მაისს აკრძალა სომხეთიდან ყვავილების ექსპორტი.
- 30 მაისიდან - შემოიღო დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შემოტანაზე.
- 2 ივნისიდან - სომხეთიდან კურკოვანი კულტურების ნაყოფის (ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამის) და ახალი ყურძნის შემოტანაზე.
- ხოლო 3 ივნისიდან - სომხეთიდან თესლოვანი კულტურების ნაყოფის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის შემოტანაზე.
- გარდა ამისა, რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, სომხეთმა 2 ივნისიდან უნდა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქციის სერტიფიცირება.
- 2 ივნისს ფაშინიანმა რუსეთში სომხური პროდუქტების გარკვეული სახეობების შემოტანის აკრძალვას არასწორი და პოლიტიზებული უწოდა.