აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი კეშ პატელი ოქტომბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ამ ინფორმაციას Politico ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: გამოცემის ცნობით, პატელი შესაძლოა რუსეთს 14-15 ოქტომბერს ეწვიოს. თავდაპირველად იგი მოსკოვში, ხოლო შემდეგ სანქტ-პეტერბურგში ჩასვლას გეგმავს. თუმცა, განრიგი შეიძლება შეიცვალოს.
- პატელს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა კეშ პატელი პუტინს. გარდა ამისა, უცნობია ამ ვიზიტის მიზანიც.
- თეთრმა სახლმა ჟურნალისტების შეკითხვა ვიზიტის შესახებ FBI-ში გადამისამართა. უშუალოდ FBI-სა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სტრიქონებს შორის: Politico-ს მონაცემებით, ბოლოს FBI-ს დირექტორი რუსეთს 2013 წელს ეწვია - მაშინ უწყებას რობერტ მიულერი ხელმძღვანელობდა.
- მოგვიანებით, სწორედ მიულერი ჩაუდგა სათავეში გამოძიებას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან სავარაუდო კავშირების შესახებ.
დიდი სურათი: მიუხედავად იმისა, რომ წლებია, რაც FBI-ის დირექტორი მოსკოვში არ ჩასულა, დაზვერვის სხვა მაღალჩინოსნები მოსკოვში იმყოფებოდნენ.
- 2018 წლის წერილში, CIA-ის მაშინდელმა დირექტორმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის ღია არხები ღირებული იყო, განსაკუთრებით ისეთ საერთო სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა.
- "ამ შეხვედრებზე ჩვენ აგრესიულად ვიცავთ ამერიკას და უკან არაფერზე ვიხევთ." - თქვა მაშინ პომპეომ.