ახალი ამბები

18:27 | 11 ივნისი, 2026 — რუსეთი

გადასახადების ზრდის გამო, მსხვილი რუსული კომპანიები შემცირებებს გეგმავენ

მსხვილი რუსული კომპანიები გადასახადების ზრდის გამო 2026 წლის მეორე ნახევარში მასობრივი შემცირებებისთვის ემზადებიან.

ვითარების არსი: ინფორმაციას ბიზნესგამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც რუსულ-გერმანულმა საგარეო სავაჭრო პალატამ ჩაატარა, ავრცელებს გამოცემა "იზვესტია".

  • გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 265 კომპანიიდან 23% თანამშრომელთა გათავისუფლებისთვის ემზადება.
  • ამასთან, ყველაზე მასშტაბურ შემცირებები მსხვილ, მომგებიან ორგანიზაციებში იქნება, რომელთაგან ბევრი სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს.
  • მანამდე მსგავსი გეგმების შესახებ განაცხადეს "გაზპრომში", "რუსეთის რკინიგზაში" და სამთავრობო სტრუქტურებშიც კი, მაგალითად, მოსკოვის მერიაში.
  • "იზვესტიას" მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, მსგავსი შემცირებები უკავშირდება ბიზნესის სურვილს, ხარჯების შემცირების გზით შეინარჩუნოს მოგების ზრდის ტემპი.
  • კომპანიების გაზრდილი ხარჯები გამოწვეულია მაღალი საკვანძო განაკვეთითა და სავალდებულო გადასახდელების ზრდით.

წინარე ისტორია: 2026 წელს რუსეთში დაბეგვრის ახალი წესები ამოქმედდა.

  • ხელისუფლებამ კომპანიებისთვის სადაზღვევო შენატანები გაზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შეღავათები გააუქმა.
  • წლიური შემოსავლის ზღვარი, რომელიც ორგანიზაციებს დაბეგვრის გამარტივებული სისტემით მუშაობის საშუალებას აძლევს, 60 მილიონიდან 20 მილიონ რუბლამდე შემცირდა.
  • ფინანსთა სამინისტროს ვერსიით, ეს ბიუჯეტში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ომზე იხარჯება, დამატებით 200 მილიარდ რუბლს შეიტანს.
  • 2020 წლის პანდემიური წლის შემდეგ, რუსეთში უკვე რამდენიმე წელია უმუშევრობის დონე მცირდება.

სტრიქონებს შორის: აღსანიშნავია, რომ შემცირებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა უმუშევრობის რეკორდულად დაბალი დონის ფონზე.

  • ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს მან რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია და 2,2% შეადგინა.
  • მანამდე გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" წერდა, რომ რეალურად ხელისუფლება ნამდვილ გათავისუფლებებს ნიღბავს.
  • სტატისტიკის დონის შესანარჩუნებლად კი კომპანიებს ადამიანები უხელფასო შვებულებაში გაჰყავთ ან არასრულ განაკვეთზე გადაჰყავთ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე