გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბერლინში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წარმოების დაფინანსების შესახებ.
State Of Play: ზოგადად, გერმანელი მინისტრი უმეროვს ფართომასშტაბიან მხადაჭერას დაჰპირდა, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიარდი ევროა.
- 28 მაისს, ბერლინს ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი.
- კერძოდ, გერმანია დააფინანსებს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წარმოებას. ამ სქემით დაფინანსებული პირველი სისტემები შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უახლოეს კვირებში გადაეცეს.
- მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უკვე გამოიყენეს ბრძოლაში და პერსონალის დამატებითი მომზადების საჭიროება არ არსებობს.
- გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2025 წელს ასეთი სისტემების დიდი რაოდენობა შეიძლება დამზადდეს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.
Big Picture: გერმანია ასევე გააგრძელებს საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა იარაღის მიწოდებას.
- ასევე გაფორმდა კონტრაქტი გერმანულ თავდაცვის კონცერნ Diehl-თან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
- გარდა ამისა, დაგეგმილია უკრაინის ტერიტორიაზე სარემონტო ობიექტების მშენებლობა, ასევე უკრაინულ და გერმანულ თავდაცვის კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა.
- ამასთანავე, გერმანია უკრაინას დაეხმარება კომუნიკაციებისა და მედიცინის სფეროებში.
- "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ამ ღონისძიებების საერთო მოცულობა დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროა, რაც ბუნდესტაგის მიერ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან დაფინანსდება," - ნათქვამია განცხადებაში.
Сontext: გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააფართოებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, მაგრამ არ დააკონკრეტა დეტალები, რაც კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ შეზღუდული ინფორმაციის ახალი პოლიტიკის ნაწილია.
- მერცმა ასევე პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედება.