აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სენატში ჩატარებულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ირანთან ომის ხარჯებმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ვითარების არსი: პენტაგონის ხელმძღვანელმა, არმიის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ერთად, კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გამოყოს დამატებით 67 მილიარდი დოლარი სექტემბრის ბოლომდე ომის დაფინანსებისთვის.
- მათ ამ თანხას "გადაუდებლად აუცილებელი" უწოდეს. ამასთან, დამატებით მოთხოვნილ თანხაში არ შედის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების აღდგენის ხარჯები.
სტრიქონებს შორის: პენტაგონის მოთხოვნა გააკრიტიკეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა.
- დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ სამინისტროს განკარგულებაში რჩება მანამდე გამოყოფილი 75 მილიარდი დოლარი: "რატომ სთავაზობთ ამერიკელ ხალხს იმ ომის დაფინანსებას, რომელსაც ის მხარს არ უჭერს, იმის ნაცვლად, რომ მოითხოვოთ ნებართვა საბიუჯეტო დარეგულირების ფარგლებში ადრე გამოყოფილი აუთვისებელი რესურსების გადანაწილებაზე?"
- ჰეგსეთმა უპასუხა, რომ აუთვისებელი სახსრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა პრიორიტეტებზე უნდა დაიხარჯოს, მათ შორის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამისთვის Golden Dome for America ("ამერიკის ოქროს გუმბათი" - რედ.), ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებისა და სხვა თავდაცვითი პროექტებისთვის.
- რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ განაცხადა, რომ კონგრესს სჭირდება "პატიოსანი პასუხები და პირდაპირი საუბარი" და იკითხა შესაძლო შედეგებზე იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ ჰორმუზის სრუტეში ყოფნას შეწყვეტს. პიტ ჰეგსეთს და გენერალ კეინს არ დაუზუსტებიათ, შეეძლება თუ არა ირანს ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ დააწესოს გადასახადი სრუტეში გემების გავლისთვის.
დიდი სურათი: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 21 ივლისს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების მორიგი მასშტაბური ტალღის დაიწყო - საბრძოლო მოქმედებები უკვე მეთერთმეტე ღამეა ზედიზედ გრძელდება.
- ტრამპი ისლამურ რესპუბლიკას ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.
- "ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს კლავს, ის ამისთვის მრავალჯერადად ზღავს!" - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში და დააზუსტა, რომ ეს განკარგულება აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკვე მისცა.
კონტექსტი: ახლო აღმოსავლეთში ახალი ესკალაციის დასაწყისიდან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადა.
- თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.