მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

09:33 | 08 სექტემბერი, 2026 — ირანი

ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა ომის დასრულებაზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა

ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა აშშ-სთან ომის გაგრძელების საკითხზე. ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა ირანელი ხალხის უმრავლესობის ნებაა.


ვითარების არსი: ყოფილი პროვინციული გუბერნატორების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მიზნები საზოგადოებამ უნდა იცოდეს.


  • "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული მიზნების ჩარჩო ჯერ ჩვენთვის იყოს ნათელი და შემდეგ წარვუდგინოთ ის ხალხს. ჩვენ ვეუბნებით ხალხს: ჩვენი გეგმაა, კიდევ 20 წელი ვებრძოლოთ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს. თუ ხალხი იტყვის, რომ იღებს ამას, ძალიან კარგი, განვაგრძოთ. მაგრამ თუ ხალხი არ იღებს ამას და სხვა გზას გვიჩვენებს, განა არ გვინდა ამის მიღება?" - აღნიშნა რუჰანიმ.
  • მიუხედავად იმისა, რომ მას სიტყვა "რეფერენდუმი" არ გამოუყენებია, პოლიტიკურმა დამკვირვებლებმა მისი განცხადება კენჭისყრის ჩატარების მოწოდებად აღიქვეს.
  • რუჰანიმ კონფლიქტის "ღირსეულად" და "ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის" ნების შესაბამისად დასრულება მოითხოვა, რათა ირანმა შეძლოს მიყენებული ზიანის აღდგენა და ინვესტორებსა და ახალგაზრდებს იმედის საფუძველი მისცეს.


სტრიქონებს შორის: მისი თქმით, მცირე უმცირესობა, "რომელსაც ახლა რუპორები აქვს ხელში და ხმაურობს" ირანული საზოგადოების უმრავლესობას არ წარმოადგენს.


  • ექს-პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ირანის სახელმწიფო ტელევიზია, სადაც ხისტი კურსის მომხრეები და მილიტარისტული ნარატივები დომინირებს. მან აღნიშნა, რომ ეროვნული მაუწყებელი, რომელიც "განხეთქილების ცენტრად" იქცა, დაკარგავს თავის აუდიტორიას "პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი ხალხით დამთავრებული."
  • რუჰანი, რომელიც ირანის პრეზიდენტი 2013-2021 წლებში იყო, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების არქიტექტორია, რომელის ფარგლებშიც სანქციები თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ გაუქმდა.


დიდი სურათი: ყოფილი პრეზიდენტის საპასუხოდ, საინფორმაციო სააგენტო Fars-მა განაცხადა, რომ მისი სიტყვები სახიფათოა და უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.


  • სააგენტომ ხაზი გაუსვა: "რუჰანი უმეცრებით არ ლაპარაკობს. მან იცის, რას ამბობს და რა ხაზს გაჰყვება ომის შუაგულში."
  • ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან აფილირებულმა სააგენტო Tasnim-მა რუჰანი გააკრიტიკა. მაჰმუდ ნაბავიანმა, რეჟიმის ყველაზე რადიკალურ ფრთში მყოფმა პოლიტიკოსმა, ისაუბრა "ყალბ" გაყოფაზე ომის ან მშვიდობის მხარდამჭერებს შორის.
  • მისი თქმით, ამას პოპულარიზაციას უწევენ "მშიშარა კომფორტის მაძიებლები," რომელთა რეალური მიზანი "დიდი და ძლიერი ირანის კაპიტულაციაა."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე