14:59 | 30 ოქტომბერი, 2026 — ისრაელი
ისრაელის არჩევნები შედეგები: ნეთანიაჰუს ბლოკი 53 მანდატი, ოპოზიცია - 67
ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ვითარების არსი: არჩევნების სრული ოფიციალური შედეგები ოთხშაბათს ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს გადაეცემა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისია შესაძლო დარღვევებთან და საჩივრებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.
- ამის შემდეგ ჰერცოგი თითოეული პარტიის ლიდერს შეხვდება. პარტიები მას საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენენ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება უნდა დაევალოს.
- საბოლოო მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 77.9% შეადგინა, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არჩევნებში მონაწილეობა 5.7 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო.
- საბოლოო შედეგებით, მანდატები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: ნეთანიაჰუს "ლიკუდი" - 27, გადი აიზენკოტის "იაშარი" - 21, ნაფტალი ბენეტის "ბეიახადი" - 12, არაბული პარტიების ერთიანი სია - 11, მემარცხენე პარტია "დემოკრატები" - 8, არაბი ბედუინების პარტია "რაამი" - 8, ავიგდორ ლიბერმანის "ისრაელ ბეითენუ" - 7, აშკენაზი ულტრაორთოდოქსების პარტია "გაერთიანებული თორას იუდაიზმი" - 7, იტამარ ბენ-გვირის პარტია "ოცმა იეჰუდიტი" - 7, სეფარიდი ულტრაორთოდოქსების პარტია "შასი" - 6 და ბეცალელ სმოტრიჩის "რელიგიური სიონიზმი" - 6.
- ამ შედეგებით ნეთანიაჰუს ბლოკს მხოლოდ 53 მანდატი აქვს, მაშინ როდესაც 2022 წლის არჩევნებისას 64 მანდატი მოიპოვა. არაბულ პარტიებს კი ისტორიაში ყველაზე მეტი 19 მანდატი აქვთ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კოალიციის ფორმირებას.
მანდატების გადანაწილება ბლოკების მიხედვით
სტრიქონებს შორის: იოაზ ჰენდელის პარტიამ "რეზერვისტები - ეკონომიკა" საარჩევნო ბარიერი (3.25%) ვერ გადალახა და ხმების 2.63% მიიღო. ბარიერს მიღმა დარჩა ოფერ ვინტერის ულტრამემარჯვენე პარტია "ისრაელის ხალხიც," რომელმაც ხმების მხოლოდ 1.7% დააგროვა.
- არაბული პარტიების - ერთიანი სიისა და რაამის - შედეგი ისტორიულია. მათ ჯამში 19 მანდატი მოიპოვეს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მათ ამჟამინდელ, 10-მანდატიან წარმომადგენლობას ქნესეთში.
- ეს შედეგი საკმარისი იქნებოდა ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე ბლოკისთვის მყარი საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად, თუმცა სიონისტური ბლოკის ყველა პარტიამ, "დემოკრატების" გარდა, გამორიცხა რაამთან ან ერთიან სიასთან თანამშრომლობა.
დიდი სურათი: პარასკევს დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაიმეორა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დინ ლივნეს, მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადება და უარყო ინფორმაცია არჩევნებზე მასშტაბური გაყალბების შესახებ.
- ეს განცხადებები გავრცელდა იმ ფონზე, რომელთა თანახმადაც, შესაძლოა, კატარი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
- "მთელი დღის განმავლობაში გავრცელებული ცნობები სრულიად უსაფუძვლოა," - განაცხადა ლივნემ.
- მისი თქმით, მიმდინარე გამოძიება "არც პრეზიდენტისთვის წარსადგენ საბოლოო შედეგებზე მოახდენს გავლენას და არც მოსახლეობის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს ეხება."
კონტექსტი: ახალი მოწვევის ქნესეთის პირველი სხდომა, მთავრობის ფორმირების პროცესის მიუხედავად, 10 ნოემბერს უნდა გაიმართოს. თუმცა კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი რთული იქნება და შესაძლოა, ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.
- ამ ეტაპზე ვერც ერთი პოლიტიკური ბლოკი ვერ უახლოვდება მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელ 61-მანდატიან უმრავლესობას.
- ოთხშაბათს ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა პარტიების ლიდერებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ვადამდელი არჩევნების თავიდან ასაცილებლად.
- "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ არჩევნების კიდევ ერთი რაუნდი." - განაცხადა ჰერცოგმა.