17:55 | 29 ივნისი, 2026 — ისრაელი
ისრაელმა სომეხთა გენოციდი აღიარა, აზერბაიჯანი თელ-ავივს აკრიტიკებს
ისრაელის მთავრობამ, საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის რეზოლუციის საფუძველზე, ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი.
თელ-ავივის ამ გადაწყვეტილებას ბაქოს მყისიერი და მკაცრი პროტესტი მოჰყვა.
ვითარების არსი: „სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არის გვიან“, - განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კენჭისყრის შემდეგ.
- საარმა აღნიშნა, რომ 100 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარ საშინელ გენოციდზე რეალური ისტორიული დავა არ არსებობს და მას 1.5 მილიონი ადამიანის მკვლელობა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მოჰყვა.
აზერბაიჯანის პასუხი: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო და მას „სერიოზული შეშფოთების საგანი“ უწოდა.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 1915 წლის მოვლენების ირგვლივ ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, ყოველგვარი მყარი სამართლებრივი თუ სამეცნიერო საფუძვლის გარეშე, მიუღებელია.
ბაქოში მიიჩნევენ, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქვეყნებს შორის შერიგებასა და ურთიერთგაგებას, პირიქით, აღრმავებს განხეთქილებას და ძირს უთხრის ხანგრძლივ მშვიდობას.
აზერბაიჯანის მთავრობამ ისრაელს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
კონტექსტი: თურქეთი დღემდე კატეგორიულად უარყოფს, რომ სომეხთა მასობრივი მკვლელობები, დაპატიმრებები და იძულებითი დეპორტაცია გენოციდს წარმოადგენდა.
- სწორედ ამ დიპლომატიური სენსიტიურობის გამო, ისრაელი წლების განმავლობაში თავს იკავებდა ამ ფაქტის ოფიციალური აღიარებისგან.
2026 წლის მონაცემებით, სომეხთა გენოციდი გაეროს 32-მა წევრმა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, რუსეთმა, სადრანგეთმა და გერმანიამ. ფაქტი ოფიციალურად აქვთ აღიარებული ვატიკანსა და ევროპარლამენტსაც.