ახალი ამბები

23:56 | 15 ივნისი, 2026 — რუსეთი

კალასი: დასავლურმა სანქციებმა რუსეთი 1.3 ტრილიონი ევროთი დააზარალა

15 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სანქცირებულია 34 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი.

ვითარების არსი: ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანქციები "დაარტყამს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ‘ჩრდილოვან ფლოტსა’ და ჰიბრიდული ომის ქსელებს."

  • ამასთანავე, კალასმა აღნიშნა, რომ პარალელურად მინისტრებმა განაგრძეს მუშაობა სანქციების 21-ე პაკეტზე და პირობა დადო, რომ მისი მომზადება "სწრაფად წაიწევს წინ."
  • რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა უკვე ივლისში დამტკიცდეს.
  • "თითოეული შეზღუდვა ავიწროებს რუსეთის მანევრის სივრცეს და ციფრები თავად მეტყველებენ ამაზე. დასავლურმა სანქციებმა რუსეთი უკვე დაახლოებით 1-დან 1.3 ტრილიონ ევრომდე დააზარალა," - განაცხადა კალასმა.

სტრიქონებს შორის: გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ სანქციები დააწესა რამდენიმე ჩინური ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინაიდან პეკინი რჩება "გადამწყვეტ ფაქტორად," რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

  • ევროპელი დიპლომატების თქმით, ბრიუსელს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა ასობით რუსი ჯარისკაცი მოამზადა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის.
  • კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე "დაადასტურეს ცნობები იმის შესახებ, რომ ჩინელი სამხედროები ამზადებენ რუსეთის სამხედრო პერსონალს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის."

დიდი სურათი: ევროკავშირში ასევე არსებითად განიხილავენ სანქციების 21-ე პაკეტში ევროკომისიის იმ წინადადების შეტანას, რომელიც ესტონეთის ინიციატივით მომზადდა და უკრაინაში მებრძოლი რუსებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

  • ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ "საუბარია 600 ათასზე მეტ რუს მებრძოლზე, რომლებიც შესაძლოა ევროპაში ჩამოვიდნენ და ჩვენი დესტაბილიზაცია მოახდინონ."
  • "ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკვე გზავნიან თავიანთ გავლენის აგენტებს, რომლებიც აქ ბევრ ცუდ რამეს აკეთებენ," - თქვა მინისტრმა.

კონტექსტი: კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირში შეძლებენ ყველა რუსი სამხედროს ვინაობის დადგენას, ვინაიდან მათ ხელთ აქვთ შესაბამისი სადაზვერვო მონაცემები.

  • "მიუხედავად იმისა, რომ სავიზო საკითხების ექსპერტი არ ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ამ ადამიანებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის დაწესება - ვგულისხმობ ომში მონაწილე პირთა სრულ სიას. რადგან ეს არა მხოლოდ უკრაინის ომის, არამედ ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების საკითხიცაა." - აღნიშნა კალასმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე