ახალი ამბები

14:43 | 14 ივლისი, 2026 — რუსეთი

კიევის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის პორტებსა და გემებზე იერიშები გააძლიერა

რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტებზე იერიშები გააძლიერა და კვირიდან მოყოლებული, ყოველდღიურად აცხადებს უკრაინული გემების დაბომბვის შესახებ.

რუსი სამხედრო „Z-ბლოგერების“ შეფასებით, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა: თუ ადრე სავაჭრო გემები შემთხვევით ზიანდებოდნენ პორტებზე თავდასხმისას, ახლა ისინი პირდაპირ სამიზნეებად იქცნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტი ფორუმზე „ყველაფერი გამარჯვებისთვის!“ სიტყვით გამოსვლისას უკრაინას „რამდენჯერმე უფრო ძლიერი, სარკისებური დარტყმებით“ დაემუქრა.

  • „ჩვენი პასუხი ყოველთვის სარკისებური იქნება. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სადაც არ უნდა სცადონ დარტყმების მიყენება, ჩვენ ვუპასუხებთ სარკისებურად, ოღონდ რამდენჯერმე უფრო ძლიერად“, -განაცხადა პუტინმა.
  • პუტინმა ასევე აღიარა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმებმა ქვეყანას „გარკვეული პრობლემები შეუქმნა“, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია გამოსწორდება.
  • გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ყირიმის საწვავით მომარაგების ალტერნატიულ სისტემაზე, „რომლამდე მიღწევაც მოწინააღმდეგისთვის ძალიან რთული იქნება“.

დეტალურად: სამშაბათს რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ოდესის ოლქის პორტებზე დარტყმისას, პორტ „იუჟნიში“ მდგარ მშრალტვირთმზიდსა და ჩერნომორსკიდან ოდესისკენ მიმავალ ტანკერს დაარტყეს.

  • კვირა-ორშაბათის იერიშები: პორტ ჩერნომორსკში რუსებმა დაბომბეს ორი სამგზავრო ბორანი, კონტეინერმზიდი, დამხმარე გემი, მცურავი დოკი, მშრალტვირთმზიდი, საპატრულო კატარღა და სეინერი. რუსული მხარის მტკიცებით, ეს გემები სამხედრო ტვირთებისა და საწვავის შესანახად გამოიყენებოდა.
  • ახალი ტაქტიკა: Z-ბლოგერები ადასტურებენ, რომ კრემლმა მიზანმიმართულად დაიწყო სავაჭრო გემებზე ნადირობა, რათა უპასუხოს კიევის მცდელობას, საზღვაო დრონებით ჩაკეტოს რუსული ნაოსნობა აზოვის ზღვაში.
  • გარდა ამისა, უკრაინელი და რუსი სამხედრო მიმოხილველები იტყობინებიან, რომ თავდასხმები უკრაინის მომიჯნავე რეგიონებში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზეც ხორციელდება.

სტრიქონებს შორის: რუსი სამხედრო ექსპერტები კრემლის ნაბიჯებს უკრაინის „სრულფასოვანი საზღვაო ბლოკადისკენ“ გადადგმულ სისტემურ ნაბიჯად აფასებენ.

  • რუსული Z-ბლოგერები იხსენებენ ვლადიმერ პუტინის შარშანდელ მუქარას, რომლის მიხედვითაც მოსკოვის მიზანი „უკრაინის ზღვიდან სრული მოკვეთაა“.
  • თუმცა, თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული გავლენიანი ტელეგრამ-არხი Rybar აღნიშნავს, რომ მხოლოდ დრონებითა და არსებული რესურსით ამის გაკეთება შეუძლებელია: გემები ძირითადად მცირე დაზიანებებს იღებენ, რომელთა აღმოფხვრაც ადგილზევეა შესაძლებელი.

კონტექსტი: უკრაინამ გასული კვირიდან დაიწყო ყოველდღიური იერიშები იმ რუსულ ტანკერებსა და ხომალდებზე, რომლებიც აზოვის ზღვით ყირიმს ამარაგებენ.

  • ბოლო 9 დღეში უკრაინულმა ძალებმა ჯამში 116 რუსული გემი გამოიყვანეს მწყობრიდან.
  • ეს კიევის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ყირიმის მომარაგების პარალიზებაა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე