მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:07 | 16 სექტემბერი, 2026 — აშშ

კონგრესში ტრამპის შვილის ქორწილს გამოიძიებენ, რომელიც რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა

აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა დაიწყეს გამოძიება დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის რუსი ოლიგარქის მიერ დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ვითარების არსი: დემოკრატების ეს ნაბიჯი ProPublica-ს სტატიას მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსმა ბიზნესმენმა და კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა უმარ კრემლიოვმა მაისში ბაჰამის კუნძულებზე ამერიკის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა.

  • "რატომ უჭერს მხარს ფინანსურად რუსი ოლიგარქი და ვლადიმერ პუტინის მეგობარი პრეზიდენტის შვილს? რას ელის უმარ კრემლიოვი სანაცვლოდ ბაჰამის კუნძულებზე ამ სამდღიანი ქორწილის დაფინანსებისთვის?" - აღნიშნა კონგრესმენმა რობერტ გარსიამ.
  • გარსია წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის უფროსი წევრია დემოკრატიული პარტიიდან და მოსალოდნელია, რომ სათავეში ჩაუდგება ამ კომიტეტს, თუ დემოკრატები ნოემბრის შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ.

სტრიქონებს შორის: აშშ-ის პრეზიდენტის შვილის მეუღლემ, ბეთინა ანდერსონმა, ორშაბათს Instagram-ზე აღნიშნა, რომ კრემლიოვი მეგობარია, რომელმაც "ძალიან უხვი საქორწილო საჩუქარი" გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ მან ქორწილის შემდგომი ორი წვეულება დააფინანსა და არა უშუალოდ ქორწილი.

  • თვითონ ტრამპმა, რომელიც არ ესწრებოდა შვილის ქორწილს, განაცხადა, რომ არ იცნობს კრემლიოვს და რომ ქორწილის ირგვლივ ატეხილი სკანდალი "არც ისე დიდი ამბავია."
  • სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმასამშაბათს ქორწილის ორგანიზებას უწოდა "კორუმპირებული, გაყიდული და საშიში ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის."
  • "საქმე გაქვთ რუს ოლიგარქთან და არა უბრალოდ ბიძაშვილთან, რომელიც საჩუქარს გაძლევთ... ხანდახან საქორწილო საჩუქარი უცხოელი ავტოკრატისგან გაცემული ქრთამია," - გაუსვა ხაზი მან.

ჩაშლილად: დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეთ უორენმა სამშაბათს The Hill-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, შუალედური არჩევნები გახდება რეფერენდუმი იმ "შოკისმომგვრელ ეთიკურ უზნეობაზე," რაც ეს ქორწილია.

  • "ძნელია იპოვო სიტყვები იმის აღსაწერად, თუ რამდენად არასწორია ეს. სჯერა ვისმეს, რომ რუსი ოლიგარქები და მათი ამალა ასობით ათას დოლარს იღებენ პრეზიდენტის შვილისთვის საჩუქრად და სანაცვლოდ არაფერს ელიან? ამერიკელი ხალხი სულელი არ არის." - აღნიშნა უორენმა.

დიდი სურათი: ProPublica-ს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული სკანდალური გამოძიების თანახმად, დონალდ ტრამპ უმცროსისა და ბეთინა ანდერსონის ქორწილი უმეტესწილად ვლადიმერ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა.

  • ProPublica წერს, რომ "მათი პირველი ცეკვა იქვე მდებარე მეორე კერძო კუნძულზე შედგა, რომლის დაქირავებაც ღამეში დაახლოებით 100 000 დოლარი ღირს და ეს ხარჯი კრემლიოვმა დაფარა. კომპანია, რომელმაც ფეიერვერკების შოუ უზრუნველყო, ასეთ წარმოდგენებში დაახლოებით 70 000 დოლარს ითხოვს. (ტრამპ უმცროსის პრესსპიკერის ცნობით, თავად კრემლიოვი უშუალოდ ცერემონიას არ დასწრებია, რომელიც პირველ დღეს გაიმართა და მხოლოდ 18 სტუმარი ესწრებოდა)."
  • ProPublica-სთან კომენტარში ტრამპ უმცროსს გავრცელებული ინფორმაცია არ უარუყვია და აღნიშნა, რომ "უმარი მისი პირადი მეგობარია, თუმცა მასთან ბიზნესურთიერთობა არ აკავშირებს."
  • თავის მხრივ, კრემლიოვის პრესსამსახურმა ProPublica-სთვის გაგზავნილ პასუხში აღნიშნა, რომ "ბატონ კრემლიოვსა და ბატონ ტრამპ უმცროსს მეგობრული ურთიერთობა აქვთ" და მათ ერთმანეთი "რამდენიმე წლის წინ გაიცნეს."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე