დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:54 | 15 ოქტომბერი, 2026 — გერმანია

ლე პენი და ვაიდელი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის დახმარების შეწყვეტას გეგმავენ

საფრანგეთის და გერმანიის მემარჯვენე-პოპულისტური ძალების ლიდერები, მარინ ლე პენი და ალის ვაიდელი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერების პირობას დებენ.

ორივე მათგანი სკეპტიკურად უყურებს ომის გაგრძელებას და რუსეთის მიმართ ევროპის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას ითხოვს.

AfD-ს ლიდერი, ალი ვაიდელი: მზარდი რეიტინგების ფონზე, გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას.

  • ვაიდელი უკრაინის დახმარებას ფუჭს უწოდებს. მისი თქმით, უკრაინა "ძალიან პატარაა და უკვე წააგო ეს ომი". 

  • ვაიდელის თანახმად, გერმანიამ, სისხლისღვრის შესაჩერებლად, კიევზე წნეხი უნდა გაზარდოს და იხელმძღვანელოს პრინციპით "პირველ რიგში, გერმანია".

  • ის თავს არიდებს რუსეთის ევროპულ საფრთხედ აღიარებას. მეტიც, მისი აზრით, ომის გახანგრძლივება, სწორედ, გერმანიას აქცევს სამიზნედ.

  • მიუხედავად იმისა, რომ ვაიდელი რუსეთს აგრესორად აღიარებს, ის ამაში დასავლეთს ადანაშაულებს: "როცა მოლაპარაკებების მაგიდასთან დიპლომატიაა, იქ ისტორიაც ზის". მისი აზრით, დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს და ეს უნდა დასრულდეს.

მარინ ლე პენი: ფრანგული მემარჯვენე-პოპულისტური "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი აქცენტს ეკონომიკასა და სანქციების არაეფექტურობაზე აკეთებს.

  • არჩევის შემთხვევაში, ლე პენი პირობას დებს, რომ 6 თვეში უკრაინას ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს. მისი თქმით, საფრანგეთს ამის სახსრები აღარ აქვს: "ზელენსკისთან ყველაზე პატიოსანი საქციელი იქნება, გავაფრთხილოთ, რომ - მისმინე, მეტის გაკეთება აღარ შეგვიძლია".

  • ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და დასცინის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს: "ჩვენ წამოვიწყეთ ენერგეტიკული ომი რუსეთთან მაშინ, როცა თავად ენერგორესურსები არ გაგვაჩნია. ეს არც ისე ჭკვიანურია".

  • კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ევროპის მთავარი საფრთხე, მან უპასუხა: "მე ბატონი პუტინის თავში არ ვზივარ".

  • ლე პენი დე გოლის ეპოქის პოლიტიკას უბრუნდება და ითხოვს "თანაბარ დისტანციასა" და მიუმხრობლობას გლობალურ კონფლიქტებში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: გერმანიასა და საფრანგეთში ამ პოლიტიკური ძალების გაძლიერებამ და ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლამ, შეიძლება, ევროკავშირის ერთიანი, პროუკრაინული ფრონტი სრულად დაშალოს.

  • საბოლოო ჯამში, კიევი ევროპიდან იარაღისა და ფინანსების მთავარი არხების გარეშე დარჩება.

ასევე ნახე