17:40 | 20 ივლისი, 2026 — უნგრეთი
მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა მოჭადრაკე იუდიტ პოლგარს შესთავაზა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას უნგრეთის ისტორიაში ყველაზე დიდ მოჭადრაკეს, იუდიტ პოლგარს შესთავაზებს.
ვითარების არსი: The Guardian-ის ცნობით, ორშაბათს მადიარი პოლგარს შეხვდება, რათა განიხილონ პრეზიდენტის ცერემონიულ თანამდებობაზე მისი არჩევის საკითხი. უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა:
- "ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც იამაყებს ყველა უნგრელი. იუდიტ პოლგარის სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო ნიჭისა და სიბეჯითის სინონიმი."
- ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი თამაშ შუიოკი ვიქტორ ორბანის მთავრობის მმართველობის პერიოდში აირჩიეს პრეზიდენტად და მისი პარტიის კანდიდატი იყო.
- 2026 წლის აპრილის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მადიარმა არაერთხელ მოუწოდა შუიოკს გადადგომისკენ და მას ორბანის "მარიონეტს" უწოდებდა. გასულ კვირას პარლამენტმა, სადაც მაგიარის პარტიას მანდატების ორი მესამედი აქვს, დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილება შუიოკის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, რასაც თავად შუიოკმაც მოაწერა ხელი.
სტრიქონებს შორის: უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა, გააკრიტიკეს კონსტიტუციის სწრაფად შეცვლა. მადიარი კი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია ორბანის შემორჩენილი გავლენის შესასუსტებლად.
- პოლგარის პრეზიდენტად ნომინირება თავდაპირველად ღია წერილში 16-მა ცნობილმა უნგრელმა მოითხოვა, რომელთა შორისაც არის რუბიკის კუბიკის გამომგონებელი ერნე რუბიკი.
- ცნობილი მოჭადრაკე ბუდაპეშტში დაიბადა და 25 წლის განმავლობაში - 2014 წელს კარიერის დასრულებამდე - ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი იყო.
- 15 წლის ასაკში ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი, რითაც მოხსნა ბობი ფიშერის 1958 წლის რეკორდი, ხოლო მის გამარჯვებებს შორის არის პარტიები მამაკაცთა შორის მსოფლიოს რამდენიმე ჩემპიონის წინააღმდეგ, მათ შორის გარი კასპაროვთან 2002 წელს.
დიდი სურათი: მადიარი გეგმავს პოლგარს შესთავაზოს პოსტის დაკავება ახალი კონსტიტუციის მიღებამდე. პრეზიდენტი საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სადაც "ტისას" სტაბილური უმრავლესობა აქვს, ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა ხუთი წელია.