ახალი ამბები

17:28 | 24 ივლისი, 2026 — რუსეთი

მასკი: რუსეთთან დათმობები აუცილებელია, ეს არ არის პრორუსული პოზიცია

SpaceX-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს და ომის დასრულება მხოლოდ მოსკოვისთან დათმობებზე წასვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ვითარების არსი: "ბევრს აქვს ილუზია, როდესაც ამბობს, რომ რუსეთმა ჯარები სრულად უნდა გაიყვანოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არარეალისტურია... მე დიდი ხანია მშვიდობის მომხრე ვარ. რამდენიმე წლის წინ ვწერდი, რომ რუსეთთან გარკვეული დათმობები ნამდვილად აუცილებელია. ეს არ არის პრორუსული პოზიცია. მე უბრალოდ პრაგმატული ვარ," - განაცხადა მასკმა The Economist-თან ინტერვიუში.

  • მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზი "უკვე ორი-სამი წელია" არ იძვრის, ხოლო "ფრონტზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება" და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება "უახლოეს მომავალში" მიიღწევა.
  • "ძალიან მაღიზიანებენ ქედმაღალი დიპლომატები, რომლებიც ფუფუნებით სავსე ვახშმებს აწყობენ, სანამ ფრონტზე ხალხი იღუპება, და რომლებიც იმაზე ფილოსოფოსობენ, რომ რუსეთი [უკრაინიდან] უნდა წავიდეს, მაგრამ თავად რუსეთში წასვლას არ აპირებენ," - ხაზი გაუსვა მან.

სტრიქონებს შორის: მასკი ომის შეჩერების აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს და ხშირად ანტი-უკრაინულ განცხდებებს აკეთებს.

  • 2025 წლის მარტში, Fox News-თან ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება და განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული დონალდ ტრამპის ძალისხმევა ერთადერთი გეგმაა, რომელიც "ნამდვილად იმუშავებს."
  • ასევე, გასული წლის თებერვალში, კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, მასკმა ვოლოდიმირ ზელენსკის "ბოროტება" უწოდა და ის ომის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, ხოლო თავად ომი დაახასიათა, როგორც "კორუფციისთვის განკუთვნილი უსასრულო ხორცსაკეპი."

დიდი სურათი: მიუხედავად ამისა, 2026 წლის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის შემდეგ, მილიარდერმა რუსეთის არმიას Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა დაუბლოკა, რამაც რუსული დანაყოფების კომუნიკაცია გაართულა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა მნიშვნელოვნად შეანელა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე