ახალი ამბები

11:04 | 29 ივნისი, 2026 — რუსეთი

მედვედევი სომხეთში ოპოზიციის წინააღმდეგ "რეპრესიების ახალ ტალღაზე" საუბრობს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, პრო-რუსული ოპოზიციური პარტიის, "აყვავებული სომხეთის" ლიდერ გაგიკ წარუკიანისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის შესახებ შუამდგომლობას სომხეთში ოპოზიციის წინააღმდეგ "რეპრესიების ახალი ტალღა" უწოდა.

ვითარების არსი: "ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც რეპრესიების ახალ ტალღას ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მმართველი ელიტისთვის უხერხულნი არიან," - განაცხადა მედვედევმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მმართველ პარტიას წარუკიანის "აყვავებულ სომხეთთან" თანამშრომლობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

  • მისი თქმით, "პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, რაც სამართლებრივ განუკითხაობას უდრის და თან ახლავს მათი ბიზნესაქტივების წართმევა, დიდი ხანია გახდა სომხეთის ამჟამინდელი მმართველი გუნდის სავიზიტო ბარათი."
  • მან ხაზი გაუსვა, რომ "ეს ყველაფერი ხდება დასავლეთის ქვეყნების სრული დუმილის ფონზე, რომელთა ჩარევაც საარჩევნო კამპანიაში უპრეცედენტო იყო" და რომელმაც "სომხეთის სახელმწიფო აპარატი მექანიკურ მართვაზე დასვა." 

სტრიქონებს შორის: მედვედევის განცხადებით, დასავლეთი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული პოლიტიკური ველის გაწმენდით ყველა იმ ძალისგან, რომელიც მოსკოვსა და ერევანს შორის ჯანსაღი ურთიერთობების მომხრეა. 

  • "ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პარტია 'სამოქალაქო ხელშეკრულება' მოისმენს ალტერნატიულ აზრს, რომელიც უბნებზე მისულ ამომრჩეველთა უმრავლესობამ გამოხატა. მით უმეტეს, რომ თავად აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ჩვენი ქვეყანა სომხეთის ხელისუფლების ჭეშმარიტ ზრახვებს მათი რეალური ქმედებებით შეაფასებს," - ნათქვამია მედვედევის განცხადებაში.

დიდი სურათი: მანამდე სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა შუამდგომლობით, პრო-რუსი მილიარდერისთვის, გაგიკ წარუკიანისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც იგი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით სარგებლობს.

  • ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა.
  • აღნიშნული მუხლის რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარუკიანს ბრალი 9 ივნისს წარუდგინეს.

კონტექსტი: 2026 წლის 7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" გაიმარჯვა - 49.89%.

  • ბარიერი გადალახეს პრო-რუსულმა ოპოზიციურმა ძალებმა: სამველ კარაპეტიანის "ძლიერმა სომხეთმა" - 23.34% და რობერტ ქოჩარიანის "სომხეთის ალიანსმა" - 9.95%.
  • საპარლამენტო ბარიერის გადასალახად რამდენიმე ათეული ხმა დააკლდა წარუკიანის პრო-რუსულ პარტია "აყვავებულ სომხეთს", რომელმაც ზუსტად 4% მიიღო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე