ახალი ამბები

08:22 | 11 აგვისტო, 2026 — ირანი

მოჯთაბა ხამენეიმ გენშტაბის, IRGC-სა და "ბასიჯის" ხელმძღვანელობა შეცვალა

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ორშაბათს ექვსი მაღალი რანგის სამხედრო მეთაური დანიშნა. ამით მან ოფიციალური სახე მისცა ომისდროინდელი სტრუქტურის ნაწილს, რომელიც თვეების განმავლობაში იურიდიული დადასტურების გარეშე ფუნქციონირებდა.

ვითარების არსი: ალი აბდოლაჰი ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა, ხოლო სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ქიუმარს ჰეიდარი - მის მოადგილედ.

  • ხამენეიმ ასევე ოფიციალურად დანიშნა აჰმად ვაჰიდი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მთავარსარდლად და მას გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. მოსტაფა იზადი, "ხათამ ალ-ანბიას" ცენტრალური შტაბის კიბერ და ახალი საფრთხეების შტაბის ყოფილი მეთაური, გუშაგთა კორპუსის მთავარსარდლის მოადგილედ დასახელდა.
  • კონტრ-ადმირალი ალი აზმაი ოფიციალურად დაინიშნა IRGC-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურად, ხოლო ჰოსეინ თაები, გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ორგანიზაციის გავლენიანი ყოფილი ხელმძღვანელი - "ბასიჯის" გასამხედროებული დაჯგუფების მეთაურად.
  • ომის დროს იგი თეირანის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სამხედრო მეთაურად მოევლინა საზოგადოებას - იგი სისტემატურად ემუქრებოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს და ხელმძღვანელობდა შტაბს, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებდა ირანის სარაკეტო ოპერაციებსა და ჰორმუზის სრუტის სამხედრო ბერკეტად გამოყენებაში.

სტრიქონებს შორის: ორშაბათის ბრძანებულებაში ხამენეიმ გასცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ირანის უმაღლესი ოპერატიული სამხედრო სარდლობის - "ხათამ ალ-ანბიას" ცენტრალური შტაბის გაერთიანების პროცესის დასრულების შესახებ, პარალელურად კი აბდოლაჰი გენშტაბის უფროსად დანიშნა.

  • პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება ჰოსეინ თაების დაბრუნებაა "ბასიჯის" მეთაურის პოსტზე. ეს არის გუშაგთა კორპუსის ფართომასშტაბიანი გასამხედროებული ფრთა, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს შიდა პროტესტების ჩახშობაში.
  • თაები "ბასიჯს" ადრეც ხელმძრვანელობდა, რის შემდეგაც ათ წელზე მეტი გაატარა IRGC-ის სადაზვერვო ორგანიზაციის სათავეში. მან აღნიშნული სადაზვერვო პოსტი 2022 წელს დატოვა - ირანის შიგნით ისრაელის წარმატებული ოპერაციების შემდეგ.
  • მიუხედავად ამისა, თაები ძალაუფლების ცენტრთან ახლოს დარჩა. იგი ცნობილია, როგორც მოჯთაბა ხამენეის გარშემო არსებული ძველი დაზვერვისა და უსაფრთხოების ქსელის ნაწილი. მიმდინარე ომის დროს იგი ჩართული იყო მაღალი დონის პოლიტიკურ და უსაფრთხოების დისკუსიებში.

დიდი სურათი: თუმცა, ჯერ კიდევ ვაკანტურია რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა.

  • "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ორი ძირითადი სადაზვერვო ორგანოდან არცერთს არ ჰყავს საჯაროდ გამოცხადებული მუდმივი ხელმძღვანელი.
  • მაჯიდ ხადემი, რომელიც სათავეში ედგა IRGC-ის სადაზვერვო ორგანიზაციას და ასევე იკავებდა მისი დაზვერვის დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, 6 აპრილს თეირანში განხორციელებული დარტყმისას დაიღუპა.
  • ეს ორი ორგანო განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ როლებს ასრულებს: სადაზვერვო ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ-უსაფრთხოების ოპერაციებსა და შიდა რეპრესიებზე, ხოლო დაზვერვის დაცვა პასუხისმგებელია კონტრდაზვერვაზე, ერთგულებასა და გუშაგთა რიგებში შეღწევის აღკვეთაზე.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე