მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება მოლდოვის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას, რაზეც პასუხისმგებლობა კიშინოვმა რუსეთს დააკისრა.
ვითარების არსი: მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტი დაგმო.
- "ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მოლდოვის რესპუბლიკა გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის." - აღნიშნა სამინისტრომ.
სტრიქონებს შორის: 9 აგვისტოს უკრაინის საზღვართან ახლოს, მოლდოვის შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ კროკმაზთან დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
- მოლდოვის პოლიციის მონაცემებით, დრონი ხეს შეეჯახა და 2.5 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, რის შემდეგაც ნამსხვრევები დიდ ფართობზე მიმოიფანტა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სოფელ კროკმაზში მდებარე რამდენიმე მეურნეობა.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაპოვნ ფრაგმენტებს მართვადი რაკეტის ცალკეული კომპონენტების მსგავსი მახასიათებლები აქვს. ამიტომ, წინასწარი დასკვნებით, ჩამოვარდნილი აპარატი შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ე.წ. "დრონ-რაკეტების" ტიპს.
- მოლდოვის პოლიცია აგრძელებს გამოძიებას იმის დასადგენად, საიდან მოფრინდა აპარატი და რა გარემოებებში მოხდა აფეთქება.
დიდი სურათი: მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან მოლდოვის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 28 რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის, მათ შორის ირანული Shahed-ებისა და რუსული "გერბერების" ფრაგმენტები.
- 12 შემთხვევაში ნაპოვნი დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო აღჭურვილი.
- ივლისის შუა რიცხვებში მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი კაუშანის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით დაიბარა.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ მოლდოვის მხარის განცხადებებს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ პროვოკაცია უწოდა.