12:05 | 24 აგვისტო, 2026 — ისრაელი
მოსადის უფროსი დაძაბულობის განმუხტვისთვის სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მოსადის უფროსი რომან გოფმანი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შაიბანი კვირას ერთმანეთს შეხვდნენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვას მოჰყვა.
ვითარების არსი: ორ წყარზე დაყრდნობით AFP წერს, რომ შეხვედრა იორდანიაში შედგა. მათ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშ იორდანიაში "სპეციალური ოპერაციების ოთახის" შექმნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დაპირისპირება სირიაში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობით.
- სამ წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო გამოცემა Axios წერდა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა "ტემპერატურის დაწევას" ორ მხარეს შორის რიტორიკის ესკალაციის შემდეგ.
- ისრაელის "მე-12 არხის" ცნობით, შეხვედრას დადებითად წარიმართა და ისრაელსა და სირიას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრა გასულ კვირას უნდა დანიშნულიყო, თუმცა ისრაელის დარტყმის გამო გადაიდო.
- ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერდა მხარს ამ შეხვედრას.
სტრიქონებს შორის: ტელეკომპანიამ ასევე გავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, განაგრძონ დიპლომატიური ძალისხმევა ვითარების განმუხტვისთვის და უპირატესობას ამას ანიჭებენ, ვიდრე შესაძლო სამხედრო ესკალაციას.
- უსაფრთხოების სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით, "მე-12 არხმა" აღნიშნა, რომ ისრაელმა ასეთი მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე "წითელი ხაზი" დააწესა, მათ შორის: სირიაში თურქეთის სამხედრო საქმიანობის გამროიცხვა; გოლანის მაღლობების სირიული მხარის დემილიტარიზებულ ზონად დატოვება; სირიის არმიისთვის სტრატეგიული შეიარაღების სისტემების ფლობის აკრძალვა; სირიის დრუზთა თემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ისრაელის ჯარების გაყვანა ბუფერული ზონიდან დიპლომატიური მიღწევების სანაცვლოდ.
- შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც გასულ კვირას ისრაელს, სირიასა და თურქეთს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმის შემდეგ.
- ისრაელმა დამასკო დაადანაშაულა, რომ ის ემზადებოდა თურქული ძალების იქ დისლოცირებისთვის. სირიამ დაგმო დარტყმა, ხოლო თურქეთმა უარყო ბრალდება, თითქოს მისი ძალები ბაზაზე განლაგებას გეგმავდნენ.
დიდი სურათი: ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმამდე ისრაელმა გააფრთხილა თურქეთი სირიაში ნებისმიერი სამხედრო საქმიანობისგან თავის შეკავების შესახებ. Reuters გასულ კვირას იუწყებოდა, რომ გოფმანმა და ალ-შაიბანმა ტელეფონით ისაუბრეს სირიაში თურქეთის სამხედრო ყოფნის შესახებ ავიადარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე..
- ისრაელმა და სირიამ გასულ წელს ისტორიული პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანიც უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევა იყო, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა.