"რუსეთში მობილიზაცია არც იგეგმება და არც მოსალოდნელია". - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ.
რა თქვა: ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნებენზიას დაუსვა კითხვა, იცის თუ არა მან იმის შესახებ, რომ ათასობით რუსი კაცი ახლა საქართველოში "გარბის".
- ჟურნალისტის აზრით, ეს უკავშირდება ხმებს მოსალოდნელი მობილიზაციის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ დაიწყება.
- რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საპასუხოდ შესთავაზა, შეხედონ იმას, თუ რა ხდება მობილიზაციის მხრივ უკრაინაში.
- "ნუ ნერვიულობთ რუსეთში მობილიზაციაზე. ვფიქრობ, ოფიციალურად ეს უკვე არაერთხელ ითქვა - ჩვენ ახლა მასობრივი მობილიზაცია არ გვჭირდება, ის არ იგეგმება და არც მოსალოდნელია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების შემდეგ - რომელი ჩვენგანი იქნება მართალი და რომელი არა". - განაცხადა ნებენზიამ.
კონტექსტი: დამოუკიდებელ რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარი ფრონტზე დანაკარგების შევსებას ვერ ახერხებს.
2025 წლის მეოთხე კვარტალში კონტრაქტით აყვანილთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ნახევარჯერ შემცირდა.
სამხედრო კონტრაქტების დადების ტემპების კლება 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.
2026 წელს რუსეთის შეტევის ტემპი არსებითად შემცირდა და ახალი კონტრაქტორების აყვანის სირთულეები ხელისუფლებას აიძულებს, გამალებით ეძებოს ახალი გადაწყვეტილებები.
- კრემლი, როგორც ჩანს, უფრო რადიკალურ ზომებსაც განიხილავს, მათ შორის მობილიზაციის ახალ ტალღას.
- იმის შესახებ, რომ მსგავსი სცენარი შესაძლოა განიხილებოდეს, გამოცემებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომუშავე რვა წყარომ, ასევე ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკურ ბლოკთან დაახლოებული წყაროს თქმით, მობილიზაცია ყველა დონეზე განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.