12:11 | 03 ივლისი, 2026 — ისრაელი
NYT: აშშ-ის ეჭვით, ისრაელი ირანელი მომლაპარაკებლების მკვლელობას აპირებდა
ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, ისრაელი ირანის მთავარი მომლაპარაკებლების მკვლელობას გეგმავდა იმ პერიოდში, როდესაც ვაშინგტონი თეირანთან ომის დასრულების მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ინფორმაციას „The New York Times“ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ოფიციალური ვაშინგტონი შიშობდა, რომ ისრაელის მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ გალიბაფის ლიკვიდაცია სამშვიდობო პროცესს სრულად ჩაშლიდა და რეგიონში საომარ მოქმედებებს განაახლებდა.
მოვლენათა განვითარება: იმის შიშით, რომ ისრაელის თავდასხმა მოლაპარაკებებს საბოლოოდ ჩაშლიდა, აშშ-მა რეგიონის ქვეყნებსაც კი სთხოვა, ირანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ.
- მარტში ცნობილი გახდა, რომ გალიბაფი და არაღჩი ისრაელის სამიზნეების სიაში იყვნენ. აშშ-ის თხოვნით, მოლაპარაკებების დაწყების გამო, ისრაელმა ისინი სიიდან დროებით ამოიღო, თუმცა მოგვიანებით საფრთხე კვლავ გაიზარდა.
- გალიბაფი ორჯერ გადაურჩა სიკვდილს (2025 წლის 12-დღიანი და მიმდინარე ომის დროს), როდესაც ისრაელმა მიწისქვეშა ბუნკერზე მიიტანა იერიში. ის ორივე შემთხვევაში ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
- მიმდინარე ომში ვაშინგტონის მიზანი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო, თუმცა ისრაელის სტრატეგია ირანის მმართველი ელიტის მაღალი რანგის ლიდერების მკვლელობასაც მოიცავდა, რამაც ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამხედრო მიზნების რადიკალური აცდენა გამოიწვია.
კონტექსტი: აბას არაღჩი და მოჰამედ გალიბაფი ირანის დელეგაციის მთავარი ფიგურები არიან, რომლებიც აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის ჩარჩო შეთანხმებაზე მუშაობენ.
- ომის მსვლელობისას ისრაელმა მოკლა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი ოფიციალური პირი ალი ლარიჯანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამალ ხარაზი.
- ექსპერტებისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების აზრით, ლარიჯანის მკვლელობით ისრაელმა ირანის რეჟიმში, შესაძლოა, ბევრად უფრო პრაგმატული და კომპრომისული ფიგურები მოკლა, ვიდრე ახლა მოქმედი არაღჩი და გალიბაფი არიან.
- ისრაელი აშშ-ირანის შეთანხმებას კატასტროფად მიიჩნევს, რადგან ის არ ითვალისწინებს ირანში რეჟიმის შეცვლას, მისი პროქსი-ძალებისა და სარაკეტო პროგრამის განადგურებას.