ახალი ამბები

23:15 | 02 ივლისი, 2026 — უკრაინა

ფედოროვმა 40-მდე ქვეყანას სთხოვა, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტები ამ თვეშივე გადასცენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა 40-მდე პარტნიორ ქვეყანას წერილობითი თხოვნით მიმართა, არსებული მარაგებიდან უკვე ამ თვეში, დაუყოვნებლივ გადასცენ უკრაინას Patriot-ის რაკეტები. 

ვითარების არსი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა თითქმის 500 დამრტყმელი დრონი, 77 რაკეტა, მათგან 25 - ბალისტიკური ან ჰიპერბგერითი რაკეტა იყო.

  • უკრაინულმა ძალებმა შეძლეს ფრთოსანი რაკეტების 90%-ზე მეტისა და Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონების 90%-ის ჩამოგდება. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება მთავარ გამოწვევად რჩება Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტის გამო.
  • იმისათვის, რომ უკრაინას საკმარისი რაოდენობის ანტიბალისტიკური რაკეტები ჰქონდეს, აპრილში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, გერმანიის მხარდაჭერით, პირველად გააფორმა რეკორდული კონტრაქტი ასობით PAC-2-ის რაკეტის შესყიდვაზე. მათი მიწოდება მომდევნო წლების განმავლობაში დაიწყება.

სტრიქონებს შორის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 70 ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად უკრაინას Patriot-ის სულ მცირე 140 რაკეტა სჭირდება.

  • ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის რაკეტა Patriot-ის სისტემებისთვის. მან აღნიშნა, რომ უკრაინა არაფერს ითხოვს გარდა იმ შეიარაღების მიწოდებისა, რომლის გადაცემაც უკვე შეთანხმებულია.
  • "ჩვენ მარტო ვებრძვით. მსხვერპლი - გამონაკლისის გარეშე უკრაინულია. ჩვენ პარტნიორებისგან მხოლოდ ის გვჭირდება, რომ გააკეთონ ის, რაზეც შევთანხმდით. იმიტომ, რომ ჩვენ მეტს არც კი ვითხოვთ," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიდი სურათი: ბოლო თვეებში უკრაინამ უკვე გადადგა ნაბიჯი ევროკავშირის სესხით Patriot-ებისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ასამდე რაკეტის შესასყიდად.

  • წელს უკრაინამ ასევე პირველად დაიწყო რაკეტების მიღება ევროპელი პარტნიორების მარაგებიდან.
  • "თუმცა ეს საკმარისი არ არის - უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის. ისინი პარტნიორების საწყობებშია. უკრაინის ცის დაცვა სწორედ სწრაფ გადაწყვეტილებებზე, PURL-ის მექანიზმის გაფართოებასა და JUMPSTART-ის მეშვეობით რაკეტების შესყიდვაზეა დამოკიდებული. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკვე მიმართა წერილებით თითქმის 40 პარტნიორ ქვეყანას თხოვნით, არსებული მარაგებიდან უკვე ამ თვეში დაუყოვნებლივ გადასცენ უკრაინას Patriot-ის რაკეტები - უკრაინისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული მომავალი მიწოდებების სანაცვლოდ. ასევე, მან მოუწოდა მათ, შეიტანონ წვლილი PURL-ისა და JUMPSTART-ის მექანიზმებში," - განაცხადეს თავცადცის სამინისტროში.

კონტექსტი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება ნატოს სამიტის წინ, რომელიც მომავალ კვირას ანკარაში ჩატარდება.

  • უკრაინის პრეზიდენტმა, რუსეთის მიერ უკრაინის მორიგი მასირებული დაბომბვის შემდეგ, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დადებით პასუხს ელოდება Patriot-ის რაკტების წარმოების ლიცენზიებთან დაკავშირებით.
  • რუსეთის მასირებული კომბინირებული თავდასხმის შედეგად კიევში დაღუპულთა რაოდენობა 27 ადამიანამდე გაიზარდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე