მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:47 | 06 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

"ომი გაგრძელდება"- როგორ დასრულდა უიტკოფი-კუშნერის პირველი ვიზიტი კიევში

კიევში სრულდება დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პირველი ვიზიტი კიევში - მოლაპარაკებების 3 რაუნდის შემდეგ ახალი შეთანხმებების შესახებ მხარეებს არ გამოუცხადებიათ. 

ვითარების არსი: მოლაპარაკებების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამოსულმა უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ომი ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. 

  • მხარეები საკმაოდ ბუნდოვან ფორმულირებებს იყენებდნენ და მათ გამოსვლებში კონკრეტიკა ნაკლებად იყო. 

ჩაშლილად: მიუხედავად ამისა, კიევში მყოფი უიტკოფი ამბობდა, რომ მისი აზრით "მოსკოვში დიდ პროგრესს მიაღწიეს" და ვლადიმირ პუტინისგან "ახალი იდეები მოისმინეს," - ხოლო კიევში გამართულ შეხვედრებს ტრამპის ემისარმა "არსებითი და შთამაგონებელი" უწოდა. 

  • შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კუშნერმა, რომელიც სპეცწარმომადგენლის გარდა დონალდ ტრამპის სიძეცაა განაცხადა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის მიზანი არამხოლოდ ომის დასრულება, არამედ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაა. 

მეორე მხარე: იმავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უიტკოფს და კუშნერს და თქვა, რომ მხარეებმა რამდენიმე ახალი იდეა განიხილეს - "ნება მოგვეცით ეს იდეები სიღრმისეულად და დეტალურად გავაანალიზოთ და ამის შემდეგ ვილაპარაკებთ საზოგადოებასთან."

  • უკრაინელი პრეზიდნტის თქმით, საუბარი შეეხო ე.წ. "ზამთრის პაკეტსაც", რომლის მოლოდინიც აქვს კიევს, ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერისა და ამერიკელებთან პარტნიორობის ფორმატში. 
  • ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ამერიკასა და უკრაინას შორის, თუმცა ამჯერად ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით. 
  • დასავლური მედიის ცნობით, შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდიც. 

სტრიქონებს შორის: კიევში Financial Times-ის კორესპონდენტის, კრისტოფერ მილერის წყაროების ცნობით, კუშნერსა და უიტკოფს ახალი წინადადებები არ ჩამოუტანიათ - "ისინი უფრო მეტად ცდილობდნენ ძველი, უკვე ნაცნობი იდეების გაცოცხლებას და მოსკოვსა და კიევს შორის მანძილის შემცირებას." 

  • იგივე წყაროს ცნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ ზამთრის დადგომამდე ომის დასრულების შანსი მინიმალურია - გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, ტრამპის ემისრებმა ზელენსკის უთხრეს, რომ მათი ვარაუდით სწორედ ზამთარში შეძლებენ მიაღწიონ გარღვევას. 

კონტექსტი: РБК-Україна-ის ცნობით, ზელენსკი ამ წუთებში უიტკოფთან და კუშნერთან ცალკე დახურულ შეხვედრას მართავს. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე