ახალი ამბები

13:33 | 11 ივნისი, 2026 — რუსეთი

პამფილოვა: სომხეთის არჩევნებზე ბევრი პრინციპული დარღვევა დაფიქსირდა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებმა უამრავი სირთულისა და პრინციპული დარღვევების ფონზე ჩაიარა.

ვითარების არსი: "სირთულე ბევრი იყო, დარღვევებიც, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ბევრი იყო. ისეთი, პრინციპული დარღვევები," - აღნიშნა პამფილოვამ.

  • მისი თქმით, სომხეთის არჩევნებს რუსეთის ცესკოს ორი წევრი, ასევე რეგიონული საარჩევნო კომისიების 24 წევრი აკვირდებოდა.

სტრიქონებს შორის: ამავდროულად, ეუთომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.

  • ანგარიშის თანახმად, 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს კანდიდატებს შორის რეალური არჩევანი შესთავაზა და მთლიანობაში არჩევნები კარგად ორგანიზებულ პროცესად შეფასდა. ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნიკური მომზადება პროფესიონალურად და ეფექტიანად წარმართა და პროცესის ტექნიკური მხარის მიმართ ნდობით სარგებლობდა.
  • "არჩევნები პლურალისტურ, თუმცა მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში გაიმართა. პოლიტიკური დებატების მთავარი თემები იყო მშვიდობასა და ომს შორის არჩევანი, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყნის მომავალი გეოპოლიტიკური კურსის შესახებ განსხვავებული ხედვები. არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური დაყოფა გამოიყენებოდა, როგორც პირდაპირი ზეწოლისა და საგარეო ჩარევის საფუძველი. დოკუმენტის მიხედვით, რუსი მაღალჩინოსნები სომხეთს ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში შესაძლო შედეგებით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას გადაწყვეტდა," - აღნიშნულია ანგარიშში.

დიდი სურათი: 2026 წლის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" გაიმარჯვა და ხმების 50%-მდე მიიღო. გარდა ამისა, პარლამენტში შევიდა ოლიგარქ სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" (23%) და პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი "სომხეთი" (10%).

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე