ახალი ამბები

15:17 | 29 ივლისი, 2026 — უკრაინა

„Patriot-ები გუშინ გვჭირდებოდა“ - ზელენსკი ზამთრამდე 300 ანტიბალისტიკურ რაკეტას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტები სთხოვა, რათა ქვეყანამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების მოგერიება შეძლოს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინას Patriot-ის PAC-3 MSE რაკეტების მარაგები თითქმის ამოეწურა, მათ გარეშე კი ქვეყანას ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დაცვა არ შეუძლია.

  • სწორედ აღნიშნული რაკეტების დეფიციტის გამო უკრაინამ კიევზე ბოლო დროს განხორციელებული რუსული შეტევები სრულად ვერ მოიგერია.
  • თუ ეს პრობლემა ზამთრამდე არ მოგვარდება, რუსულმა სარაკეტო იერიშებმა შესაძლოა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა გაანადგუროს, რაც მილიონობით უკრაინელს გათბობის გარეშე დატოვებს და ჰუმანიტარულ კრიზისს შექმნის.

ვიზიტი ამერიკაში: თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხის განსახილველად შეხვდა Lockheed Martin-ისა და Raytheon-ის წარმომადგენლებს, რომლებიც Patriot-ის სისტემის ანტიბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებენ.

  • Axios-ი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ლიცენზიებს მიიღებს, დიდი რაოდენობით ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებას 1-დან 5 წლამდე დასჭირდება.
  • ზელენსკის თანახმად, ეს ვადები მათთვის მიუღებელია: „Patriot-ები გუშინ გვჭირდებოდა“.
  • უკრაინის პრეზიდენტი ზამთრამდე 300 ასეთი რაკეტის მიღებას ცდილობს.
  • მისი თქმით, ტრამპი დაჰპირდა, რომ დახმარებას შეეცდებოდა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ირანთან მიმდინარე ომის გამო რაკეტების დეფიციტია და ეს პროცესს ართულებს.
  • ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაზე თითოეული მასშტაბური იერიშისას 30-დან 40-მდე ბალისტიკურ რაკეტას იყენებს, ასეთ შეტევებს კი თვეში სამიდან ხუთჯერ ახორციელებს.
  • მან ხაზი გაუსვა, რომ Patriot-ის გადამჭერების მისაღებად უკრაინა მზადაა აშშ-ს გაუზიაროს ნებისმიერი სამხედრო ტექნოლოგია თუ გამოცდილება, რომელიც ვაშინგტონს დასჭირდება.

ჩაშლილად: უკრაინის პრეზიდენტმა Axios-ს განუცხადა, რომ ის და ამერიკული თავდაცვითი კომპანიები ასევე განიხილავენ უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცირებას და მათ გადაკეთებას საჰაერო თავდაცვის რაკეტებად, რომლებსაც Patriot-ის რაკეტების ანალოგიური შესაძლებლობები ექნებათ.

ზელენსკის მტკიცებით, რუსეთი კვლავ იღებს იარაღს ირანისგან და აშენებს ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი 30,000 ჯარისკაცის მისაღებად, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად გაიგზავნებიან.

  • მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებსა და სხვა შეიარაღებას აწვდის.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე