ახალი ამბები

15:10 | 14 ივლისი, 2026 — რუსეთი

პესკოვი: ბაქოს პოზიცია უკრაინის შესახებ რუსეთთან უთანხმოების საგანია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვთან უთანხმოების საგანია, თუმცა ეს ჩრდილს არ აყენებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

ვითარების არსი: "რაც შეეხება პოზიციას, რომელიც პრეზიდენტმა ალიევმა გამოხატა, არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობები გვაკავშირებს და რომლებიც იზიარებენ ამგვარ პოზიციას. პოზიციას, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და, დიახ, ეს არის ჩვენი უთანხმოების საგანი," - განაცხადა პესკოვმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ალიევის განცხადებების კომენტირებისას.

  • ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი პრაგმატულ მიდგომას უჭერს მხარს.
  • "ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ აღნიშნულმა საკითხმა რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს," - თქვა პესკოვმა.
  • კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი ყველანაირად განავითარებს აზერბაიჯანთან ურთიერთობებს და ყველა არხით თანამიმდევრულად განმარტავს საკუთარ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.

სტრიქონებს შორის: 13 ივლისს, აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში ჩატარებულ მედიაფორუმზე ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

  • უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო გორდონის კითხვის საპასუხოდ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა შეეგუოს საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოს პოზიცია ურყევია და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
  • "არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელისულებას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას. უკრაინა სწორედ ასე იქცევა. ის არ ეგუება ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის ძალიან რთული მომენტებისა. ჩვენ ვნახეთ გარკვეული წრეების მხრიდან ზეწოლა, რათა ბრძოლა შეწყვეტილიყო ოკუპაციის ფაქტობრივი გაფორმების პირობით. თუმცა, ამას არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელისუფლება არ დათანხმდა." - აღნიშნა ალიევმა.

დიდი სურათი: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

  • "აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალისმიერი გზით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხში თანმიმდევრული და მტკიცეა." - თქვა მან.

ასევე ნახე