კრემლში დაადასტურეს, რომ უკრაინული დრონების იერიშებით გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთი ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ვითარების არსი: კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება გახდეს „კიდევ ერთი ნაბიჯი ბაზრის სტაბილიზაციისკენ“, რაც „არსებული აჟიოტაჟური მოთხოვნის ჩაცხრობას“ შეუწყობს ხელს.
- „კონტაქტები დამყარებულია. თუ მისაღებ ფასებზე შეთანხმებას მივაღწევთ, ეს პროცესი დაიწყება“, - თქვა პესკოვმა.
- თუ კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კრემლის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია.
წინარე ისტორია: გასულ კვირას სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ყაზახეთს დაახლოებით 50 ათასი ტონა АИ-92 მარკის ბენზინის მიწოდების თხოვნით მიმართა.
- 28 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან თათბირი გამართა და საწვავის ბაზრის სტაბილიზაციისთვის სისტემური ზომების გატარება დაავალა.
- როგორც ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, საწვავის იმპორტის შესაძლებლობა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ზომაა.
- მისივე თქმით, ხელისუფლება დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვასაც განიხილავს.
დაეწიე ამბავს: 30 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო ფედერალური სამსახური ბენზინსა და დიზელის საწვავზე სამომხმარებლო ფასების შესახებ ბიულეტენის გამოქვეყნებას წყვეტს.
- The Bell-ის ცნობით, შესაბამისი ცვლილებები სტატისტიკური სამუშაოების ფედერალურ გეგმაში მთავრობამ გასულ კვირას შეიტანა.
დიდი სურათი: საწვავის კრიზისის ფონზე, როდესაც მთელ რუსეთში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება, საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა.
- ოფიციალური სტატისტიკით, 16-დან 22 ივნისამდე რუსეთში ბენზინი 3%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2.7%-ით გაძვირდა.
- Bloomberg-ის მონაცემებით, ეს არის ფასების მაქსიმალური ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.