16:52 | 25 აგვისტო, 2026 — რუსეთი
PUSSY RIOT-ის ყოფილი წევრის თქმით, 3 წლის წინ ФСБ-მ გადაიბირა და ინფორმატორობა აიძულა
რუსული პანკ-ჯგუფის, "Pussy Riot-ის" ყოფილმა წევრმა, რიტა ფლორესმა განაცხადა, რომ იგი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) ინფორმატორად მუშაობდა.
კონტექსტი: ფლორესის ინფორმაციით, იგი ФСБ-მ 3 წლის წინ გადაიბირა და მისი საქმიანობა ომის მოწინააღდეგე აქტივისტებზე ინფორმაციის შეგროვებას მოიცავდა. ამის შესახებ რიტა ფლორესმა გამოცემა "Port-თან" ისაუბრა.
ფლორესი ყვება, რომ ФСБ-მ თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა 2023 წლის თებერვალში, მოსკოვის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიძულა. მისივე თქმით, მას სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ ბუჩაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებული პოსტების გამო, რასაც თან ახლდა ოჯახის წევრების მიმართ მკვლელობის მუქარებიც.
"მათ ჩემი გადაბირება ყველანაირი მუქარითა და შეურაცხყოფით სცადეს. მათ შორის იყო ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარა და გაფრთხილება, რომ ვერასდროს დავამტკიცებდი, ვინ მოკლა დედაჩემი," - განუცხადა მან გამოცემას.
რას მოიცავდა საქმიანობა: რიტა ფლორესის თქმით, მისი ფსევდონიმი "ჰარლი" იყო და მას რუს ხელოვანებსა და პოლიტიკურ დისიდენტებზე დეტალური პროფილების შედგენა ევალებოდა. 2024 წლის დასაწყისიდან ივნისამდე, თავდაპირველი 30,000 რუბლის ($360) მიღების შემდეგ, იგი ყოველთვიურად 50,000 რუბლს ($600) იღებდა.
ფლორესის ინფორმაციით, იგი შეგნებულ საბოტაჟს უწევდა ФСБ-ის დავალებებს 2 წელზე მეტ ხანს. მაგალითად, აყალბებდა პირად კონფლიქტებს სამიზნე პირებთან, როგორებიც არიან არტისტები Philippenzo და პაველ კრისევიჩი, რათა მათი დაკავება გადაევადებინა.
მკვლელობის გეგმა და გაქცევა: ფლორესის ინფორმაციით, 2025 წლის შუა პერიოდში მას დაევალა, ყოფილი პარტნიორი და Pussy Riot-ის ყოფილი წევრი, პიოტრ ვერზილოვი სერბეთის ერთ-ერთ კაფეში შეეტყუებინა, სადაც ФСБ-ის აგენტებს მისი გატაცება და მოკვლა ჰქონდათ დაგეგმილი. მისივე თქმით, ამ მკვლელობის გეგმაში მონაწილეობისთვის 1-დან 3 მილიონ რუბლამდე ($36,000) შესთავაზეს.
გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ ფლორესმა ადვოკატ დმიტრი ზახვატოვთან დაკავშირება შეძლო და მისი დახმარებით კურატორები დაარწმუნა, დავალების შესრულება დროებით გადაედოთ. პარალელურად, მან მომხდარის შესახებ თავის პარტნიორს უამბო და მასზე დაქორწინდა.
ამ ნაბიჯმა გაამართლა: სპეცსამსახურები დავალების დაუყოვნებლივ შესრულებას აქტიურად აღარ ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ფლორესის ქმარმა ФСБ-სთან მისი კავშირის შესახებ არაფერი იცოდა და გაჭირდებოდა იმის ახსნა, თუ რატომ მიემგზავრებოდა მისი ცოლი სხვა ქვეყანაში ყოფილ პარტნიორთან შესახვედრად.
ფლორესის განცხადებით, ФСБ-ს ვერზილოვი "სძულს" და მისი ლიკვიდაციის გზებს აქტიურად ეძებს.
ამ დროისთვის რიტა ფლორესი რუსეთში აღარ იმყოფება. ადვოკატ დმიტრი ზახვატოვის თქმით, მან ქვეყანა ინტერვიუს გამოქვეყნებამდე 10 დღით ადრე დატოვა - რა გზით, უცნობია.