ახალი ამბები

00:43 | 27 მარტი, 2026

რა მიიღო ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ?

13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში 123 პოლიტპატიმარი შეიწყალეს. ეს რიგით მესამე მსხვილი შეწყალებაა, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამდგომლობით ხელი მოაწერა.

ჩაშლილად: ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ამ ჯერზე პატიმრობიდან "დიდი სახელები" გაათავისუფლა: მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, 2020 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო და მისი თანამებრძოლი მარია კოლესნიკოვა.

  • პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-მ ბელარუსს კალიუმზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული სანქციები მოუხსნა.

  • ბელარუსი კალიუმს იყენებს სასუქების წარმოებისთვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია.

  • გარდა ამისა, 4 ნოემბერს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები მოუხსნა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას.

წინარე ისტორია: მინსკსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის აღდგენის პირველი ნაბიჯი კიტ კელოგის სტუმრობა იყო, რომელიც ბელარუსის დედაქალაქს მიმდინარე წლის 21 ივნისს ესტუმრა. დიპლომატიური ბლოკადის დასრულების ნიშნად, ლუკაშენკომ 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

  • შემდეგი მასობრივი გათავისუფლება 11 სექტემბერს მოხდა. შეიწყალეს 51 პოლიტპატიმარი, სანაცვლოდ აშშ-მ ბელარუსს სამოქალაქო ავიაციისთვის საჭირო, Boeing-ის წარმოების სათადარიგო ნაწილების შეძენაზე სანქციები მოუხსნა.

რასთან გვაქვს საქმე: სამი მსხვილი შეწყალების მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმის ტყვეობაში ათასამდე პოლიტპატიმარი რჩება.

  • დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის თქმით, დარჩენილი პატიმრები შესაძლოა ერთ ჯგუფად გათავისუფლდნენ.

  • კოულის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული სანქციების დიდი ნაწილი გაუქმდება.

  • თუმცა ათასამდე პატიმარს შორის არ არის დარჩენილი არავინ, ვისი გათავისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებში შედის.

  • ბელარუსის ტყვეობაში რჩება პოლონელი აქტივისტი ანდჟეი პოჩობუტი. მისი გათავისუფლებით ვარშავაა დაინტერესებული, შესაძლოა ბელარუსმა პოჩობურის სანაცვლოდ რამე შეღევათი პოლონეთისგანაც მიიღოს.

 


ასევე ნახე