12:57 | 27 ოქტომბერი, 2026 — აფრიკა
რუსეთი ცოცხალი ძალის დეფიციტის შესავსებად აფრიკაში სამხედროების გადაბირებას აძლიერებს - Bloomberg
რუსეთი უკრაინაში ომისთვის სულ უფრო მეტ აფრიკელს იბირებს. არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტის შესავსებად მოსკოვმა ყურადღება აფრიკის იმ ქვეყნებზე გადაიტანა, სადაც სიღარიბე, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და შეზღუდული მედიათავისუფლებაა.
ამის შესახებ Bloomberg უკრაინის დაზვერვასთან დაკავშირებული წყაროებისგან მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
ვითარების არსი: მას შემდეგ, რაც კენიამ და სამხრეთ აფრიკამ საკუთარი მოქალაქეების რუსეთის არმიაში გადაბირების წინააღმდეგ ზომები მიიღეს, მოსკოვმა რეკრუტირების კამპანია სხვა აფრიკულ ქვეყნებში გააფართოვა.
- უკრაინული დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, კამპანიის მიზანი რუსეთის არმიის მასშტაბური დანაკარგებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტის კომპენსირებაა.
რიცხვებში: 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან სამხედროების გადაბირება მკვეთრად გაზარდა.
ბურუნდი: იანვრიდან სექტემბრის ბოლომდე რუსეთის არმიაში 699 ადამიანი გადაიბირეს, მაშინ როდესაც მთელი 2025 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მხოლოდ 30 იყო.
ზიმბაბვე: გადაბირებულთა რაოდენობა 65-დან 530-მდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სიერა-ლეონეში, სუდანსა და კამერუნშიც.
დეტალები: Bloomberg-ის ცნობით, გადაბირების ერთ-ერთი მთავარი საშუალება რუსეთში მაღალანაზღაურებადი სამსახურის შეთავაზებაა.
- აფრიკელებს ხშირად კვების, ტრანსპორტისა და სხვა სამოქალაქო სფეროებში დასაქმებას ჰპირდებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ უკრაინის ფრონტზე აღმოჩნდება.
მსურველებს სთავაზობენ მაღალ ხელფასს, კონტრაქტის გაფორმებისთვის სოლიდურ ბონუსებსა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.
აფრიკის ქვეყნების რეაქცია: რუსეთის რეკრუტირების კამპანიამ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია.
კენია: ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის არმიაში სულ მცირე 1,000 კენიელია გადაბირებული. კენიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვშიც ჩავიდა, რათა ეს პრაქტიკა გაეპროტესტებინა.
ბოტსვანა: საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსეთის არმიაში გადაბირებული 15 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. ხელისუფლებამ მათი ბედის გასარკვევად რუსეთსა და უკრაინას მიმართა.
სამხრეთ აფრიკა და ბოტსვანა: ორივე ქვეყანამ მოქალაქეები რუსეთში საეჭვოდ მომგებიანი სამუშაო შეთავაზებების შესახებ გააფრთხილა.
ზიმბაბვე: ხელისუფლებამ სამხედროების გადაბირებაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.
განა: კენიის მსგავსად, მოსკოვს საკუთარი მოქალაქეების გადაბირების შეწყვეტა მოსთხოვა.
რას ამბობს კრემლი: რუსეთს ოფიციალურად არასდროს უღიარებია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში უცხოელებს იყენებს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ არმიას საკმარისი ცოცხალი ძალა ჰყავს.
- გასულ თვეში ვლადიმირ პუტინმა უარყო ვარაუდებიც, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებას აპირებდა.
- Bloomberg-ის კითხვებს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ უპასუხა.