დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

23:06 | 25 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ამერიკელების 69%-ს ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული კორუფცია აშფოთებს - კვლევა

Financial Times-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელ ამომრჩეველთა თითქმის 69%-ს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტები აწუხებს.

ვითარების არსი: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კორუფცია ამერიკელების უკმაყოფილების მთავარ წყაროდ იქცა, ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ტრამპის ხელისუფლებაში არსებული კორუფცია აწუხებთ.

  • კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით 69% და 2024 წელს ტრამპის მხარდამჭერთა თითქმის 50% აცხადებს, რომ "ძალიან" ან "გარკვეულწილად" შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული "კორუფციით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა თუ ინტერესთა კონფლიქტებით."
  • გარდა ამისა, ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარმა მიუთითა, რომ წინა ადმინისტრაციებთან შედარებით, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში კორუფცია უფრო სერიოზულ პრობლემად იქცა.

სტრიქონებს შორის: ასევე, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 54%-ის აზრით, ფასების ზრდაზე უდიდესი პასუხისმგებლობა ან ტრამპის ადმინისტრაციას, ან კონგრესში რესპუბლიკელებს ეკისრებათ.

  • რესპუბლიკელებისთვის კიდევ უფრო დიდ შეშფოთების იწვევს ის, რომ რესპონდენტთა 40%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ გაზარდა იმის ალბათობა, რომ შუალედურ არჩევნებში ხმას დემოკრატებს მისცემენ.
  • გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში 16-18 ოქტომბერს Focaldata-მ ჩაატარა.
  • კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1648-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა და ცდომილების ზღვარი 2.8%-ია.

კონტექსტი: რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელთა 54%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩაიდინა სამართალდარღვევები, რაც იმპიჩმენტის საფუძველია.

  • აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე, 31%-მდე შემცირდა 3 ნოემბერს დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
  • შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათასი დოლარის ოდენობის "ტრამპის დივიდენდს" გადაუხდის, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე