12:05 | 24 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთი სავაჭრო გემებში დამალული დრონებით ევროპაზე თავდასხმას ამზადებს - El Mundo
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია რუსეთის მხრიდან დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.
ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Mundo ავრცელებს.
ვითარების არსი: ევროპულმა მთავრობებმა ესკალაციის საფრთხეზე ინფორმაცია 25 აგვისტოს, მოსკოვში CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტის შემდეგ მიიღეს.
- ეს უკრაინის მოკავშირეებზე ომის გავრცელების სავარაუდო რუსულ გეგმებზე ინფორმაციის გაჟონვის სერიის გაგრძელებაა და ამ ეტაპზე ყველაზე დეტალური ცნობაა იმის შესახებ, თუ რას შეიძლება გეგმავდეს კრემლი.
ჩაშლილად: ამერიკულმა სპეცსამსახურებმა კრემლის ესკალაციის გეგმების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს და ევროპულ მთავრობებს გადასცეს.
- "ისინი გამოიყენებენ დრონებს, რომლებსაც ზღვიდან, კომერციულ გემზე განთავსებული კონტეინერიდან გაუშვებენ", - განუცხადა El mundo-ს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ.
გამოცემასთან საუბარში სამხედრო ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ შესაძლო თავდასხმის შესახებ CIA-ის დეტალური ანგარიში არსებობს და მას საფრანგეთის ხელისუფლებამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. პარიზმა დაადასტურა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებითა და კიბერშეტევებით შესაძლო თავდასხმებისთვის მზადყოფნა გაზარდა.
მსგავს სცენარზე, ესპანური მედიის პუბლიკაციამდე, რუსულ წყაროებშიც საუბრობდნენ. 19 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა სამხედრო ტელეგრამ-არხმა "რიბარმა" გაავრცელა რუკა სათაურით - "რუსული 'წამალი' ფრანგული ქედმაღლობისთვის". მასში განხილული იყო ალჟირისთვის რუსული "გერან-5-ის" დრონების მიწოდების სცენარი, რომლებსაც სამხრეთ საფრანგეთში საავიაციო ქარხნებამდე, სამხედრო ბაზებამდე, ატომურ ელექტროსადგურებსა და ნავთობქიმიურ ობიექტებამდე მიღწევა შეეძლებათ.
El Mundo-ს ცნობით, რუსეთმა ესპანეთზე, საფრანგეთსა ან იტალიაზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, სხვა დრონი - "გერბერა" (Гербера) გამოიყენოს. სავაჭრო გემს რამდენიმე ასეთი უპილოტო აპარატის გადატანა და მათი კატაპულტით გაშვება შეუძლია.
"გერბერას" მცირე საბრძოლო ქობინი მსხვილი ობიექტის განადგურებას ვერ შეძლებს, თუმცა შეუძლია გამოიწვიოს ხანძარი, დააზიანოს აღჭურვილობა ან დროებით შეაფერხოს პორტისა თუ აეროპორტის მუშაობა. ოპერაციის მიზანი არა მხოლოდ მატერიალური ზიანი, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი იქნება.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის შერჩევა, შესაძლოა, 2027 წლის საარჩევნო კამპანიებს უკავშირდებოდეს: ესკალაციის შიში და უკრაინის თემით გადაღლა შიდა პოლიტიკურმა ძალებმა, შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენონ.
"როგორც ჩანს, რუსებს საკუთარი ოპერაცია 'აბლაბუდის' მოწყობა სურთ", - აღნიშნა ლიეტუველმა წყარომ, რითაც ის რუსული სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციას გამოეხმაურა.
El Mundo-ს მიერ მომზადებული გრაფიკული ილუსტრაცია რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ.
დიდი სურათი: გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა Auchan-ის, FM Logistic-ისა და Lemana PRO-ს რუსულ ქვედანაყოფებში დროებითი მმართველობა შემოიღო. დმიტრი პესკოვმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აღნიშნული აქტივები "არამეგობრული ქვეყნების" კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც "კიევის რეჟიმის მხრიდან დარტყმების განხორციელებაში არიან ჩართულნი".
კონტექსტი: 27 აგვისტოს, The Wall Street Journal-ის ცნობით, რეტკლიფი მოსკოვში, მათ შორის, ნატო-ზე თავდასხმისგან რუსეთის გასაფრთხილებლად ჩავიდა. აშშ-ის დაზვერვა შეზღუდულ ოპერაციას უშვებდა (მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც). The Washington Post-ის თანახმად, კრემლი მიიჩნევს, რომ აშშ ირანთან ომით დასუსტებულია და ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლის გაძლიერების შესაძლებლობას ხედავს.
1 სექტემბერი: გერმანიამ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ლაიფციგში მომხდარ ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად რუსეთს დააკისრა.
13 სექტემბერი: დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უახლოესი კვირები და თვეები რუსული ქმედებების გააქტიურების პერიოდი იქნება.
17 სექტემბერი: ტუსკმა დააზუსტა - რუსული გეგმები უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით ჰიბრიდულ დარტყმებს მოიცავს.
18 სექტემბერი: ემანუელ მაკრონმა ტუსკის სიტყვებს „მყარი და დოკუმენტირებული“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები ევროპულ ქალაქებსა და დედაქალაქებში სავსებით შესაძლებელია.
21 სექტემბერი: სამი ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს თვეებში ევროპაში რუსული სადივერსიო კამპანია, სავარაუდოდ, გაძლიერდება. ჩეხეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, შეზღუდულ შეჭრაზეც წავიდეს.