12:01 | 02 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთი უკრაინული ატომური ელექტროსადგურების ენერგოსისტემიდან გათიშვას გეგმავს - NYT
უკრაინული მხარის მიერ მოპოვებული რუსული გეგმის თანახმად, რუსეთი ზამთრის დაბომბვების კამპანიის დროს გეგმავს უკრაინული ატომური ელექტროსადგურების ენერგოსისტემიდან გათიშვას, სადგურებიდან ერთ კილომეტრში დარტყმებით, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემებზე მასირებული იერიშებს.
ვითარების არსი: The New York Times-ის ცნობით, რუსების გეგმა ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა დასავლელ პარტნიორებს წარუდგინა.
- დოკუმენტის თანახმად, რუსეთი უკრაინის სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის (რივნეს, ხმელნიცკისა და სამხრეთ უკრაინის) მწყობრიდან გამოყვანას გეგმავს იმ ელექტრო გამანაწილებელი ქვესადგურების რაკეტებით დაბომბვით, რომლებიც მათ ენერგოსისტემასთან აკავშირებს.
- ეს ქვესადგურები რეაქტორებიდან ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.
სტრიქონებს შორის: გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვი ათობით ბალისტიკურ რაკეტასა და მართვად ავიაბომბს უკრაინის წყალმომარაგების სისტემას - სატუმბ სადგურებსა და გამწმენდ ნაგებობებს ესვრის.
- უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა, რომ 29-30 სექტემბრის ღამეს რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებულ დარტყმებზე გადავიდა.
- "ზაფხულიდან მოყოლებული, ფაქტობრივად არ ყოფილა დღე, რომ მტერს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა არ დაებომბა. თუმცა ასეთი მასშტაბური და კომბინირებული შეტევა გათბობის სეზონის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა," - დაწერა პრემიერმა.
დიდი სურათი: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სხვა ენერგეტიკულ ობიექტებთან ერთად, რუსული დაბომბვის შედეგად ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურიც დაზიანდა.
- "დღეს, რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად, ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის მწარმოებელი მოწყობილობები დაზიანდა. ახლა ჩვენი პირველხარისხოვანი ამოცანაა ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და საჭირო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა," - ნათქვამია განცხადებაში.