ახალი ამბები

14:17 | 21 მაისი, 2026 — რუსეთი

რუსეთი ზღვის ფსკერზე ბირთვული იარაღის განთავსების საიდუმლო პროექტზე მუშაობს - NATO

ნატოს სადაზვერვო უწყებები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ზღვის ფსკერზე ბირთვული იარაღის განთავსების საიდუმლო პროექტზე მუშაობს.

ამის შესახებ გერმანული ტელეკომპანიების, WDR-ისა და NDR-ის ერთობლივ გამოძიებაშია საუბარი.

ვითარების არსი: საუბარია სპეციალურ შახტებსა და კონტეინერებში მოთავსებულ რაკეტებზე, რომლებიც ზღვის ფსკერზე, რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე განთავსდება და მათი დისტანციურად გაშვება იქნება შესაძლებელი.

  • ნატოს შეფასებით, პროექტისთვის გამოიყენება სატრანსპორტო გემი „ზვეზდოჩკა“ და წყალქვეშა ნავი „საროვი“.

  • პროექტისთვის სპეციალურად შექმნილია რაკეტა „სკიფი“. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მოქმედების რადიუსმა შესაძლოა რამდენიმე ათასი კილომეტრი შეადგინოს.

სამართლებრივი ასპექტები: 1971 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას საერთაშორისო წყლების ფსკერზე. თუმცა, გამოძიების თანახმად, რუსული პროექტი „სკიფი“ ითვალისწინებს სისტემების განთავსებას რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, რაც ხელშეკრულების დარღვევას ფორმალურად არ წარმოადგენს.

სტრატეგიული მიზნები: ზღვის ფსკერზე განთავსებული იარაღის განეიტრალება უკიდურესად რთულია, ხოლო მათი ექსპლუატაცია უფრო იაფი, ვიდრე წყალქვეშა ნავების.

  • სამხედრო ისტორიკოსების შეფასებით, ამ პროექტის მთავარი მიზანი არა იმდენად რეალური საბრძოლო გამოყენება, რამდენადაც „შეკავების საშუალება“ და „გაურკვევლობის ატმოსფეროს შექმნაა“.

  • უცნობია, გასცდა თუ არა პროექტი ექსპერიმენტულ ფაზას და არის თუ არა ეს იარაღი უკვე განთავსებული. თუმცა, 2017 წელს რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს „სკიფის“ ტიპის „ფსკერზე დაფუძნებული რაკეტების“ არსებობა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე