ახალი ამბები

16:57 | 30 ივნისი, 2026 — რუსეთი

რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ფასის ზრდის მონაცემების გამოქვეყნებას წყვეტს

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო ფედერალური სამსახური წყვეტს ბენზინსა და დიზელის საწვავზე სამომხმარებლო ფასების შესახებ ბიულეტენის გამოქვეყნებას. The Bell-ის ცნობით, შესაბამისი ცვლილებები სტატისტიკური სამუშაოების ფედერალურ გეგმაში მთავრობამ გასულ კვირას შეიტანა.

ვითარების არსი: დოკუმენტში არის შემდეგი პუნქტი: "პოზიცია 1.5.13 ამოღებულია." საუბარია "ინფორმაციაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ფასების შესახებ."

  • Росстат აქვეყნებდა მონაცემებს საწვავის ფასების შესახებ მარკების, რეგიონებისა და 280 ქალაქში არსებული 1800 ავტოგასამართი სადგურის მიხედვით.
  • The Bell წერს, დაიხურა წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომლის საშუალებითაც საწვავის ინფლაციის მონიტორინგი იყო შესაძლებელი.

სტრიქონებს შორის: საწვავზე სამომხმარებლო ფასების დინამიკის შესახებ მონაცემები სტატისტიკის სახელმწიფო ფედერალური სამსახურის ვებგვერდზე კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით ქვეყნდება.

  • ამ დროისთვის საიტზე განთავსებულია მორიგი პუბლიკაციის ანონსი, რომელიც 1 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს.
  • საწვავის სამომხმარებლო ფასების ბიულეტენის გამოქვეყნების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე Росстат-ის პრესსამსახურს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

დიდი სურათი: საწვავის კრიზისის ფონზე, როდესაც მთელ რუსეთში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება, საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

  • ოფიციალური სტატისტიკით, 16-დან 22 ივნისამდე რუსეთში ბენზინი 3%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2.7%-ით გაძვირდა.
  • Bloomberg-ის მონაცემებით, ეს არის მაქსიმალური ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე