რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების კრიზისის გამო, 8-დან 31 ივლისამდე დიზელის საწვავის ექსპორტი აიკრძალა.
ვითარების არსი: ბენზინის, დიზელისა და სხვა სახის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვები ქვეყანაში 2026 წლის იანვრის ბოლოდან მოქმედებდა, თუმცა არ ვრცელდებოდა ნავთობპროდუქტების მწარმოებლებზე.
- ივლისის ბოლომდე დიზელის, ასევე გემების საწვავის გატანას მწარმოებლებიც ვეღარ შეძლებენ.
- "გადაწყვეტილება მიღებულია შიდა საწვავის ბაზარზე სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების მიზნით. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება, მათ შორის, იმ დიზელის საწვავზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში გაგვაქვს," - განაცხადეს მთავრობაში.
სტრიქონებს შორის: ვლადიმერ პუტინთან გამართულ თათბირზე ნოვაკმა "ბენზინისა და დიზელის წარმოების მოცულობების დროებითი ნაწილობრივი შემცირება" ახსნა მიმდინარე "ტერორისტული თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მათ შორის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე."
- ნოვაკის თქმით, დეფიციტთან საბრძოლველად ხელისუფლებამ, არა მხოლოდ დიზელის ექსპორტი აკრძალა, არამედ "მოქმედი ქარხნების დატვირთვა მაქსიმალურ დონემდე გაზარდა, ბაზარზე მიმართა მანამდე დაგროვილი საწვავის მოცულობები, შეამცირა მიმდინარე რემონტების ვადები, გეგმური რემონტები კი უფრო გვიანდელი პერიოდისთვის გადაიტანა, ასევე აამოქმედა საშუალო და მცირე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პოტენციალი."
- გარდა ამისა, როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ივლისიდან დაიწყება ნავთობპროდუქტების იმპორტი საზღვარგარეთიდან.
დიდი სურათი: ამასთანავე, ნოვაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მთლიანობაში სიტუაცია ჯერჯერობით არც ისე მარტივია," საწვავზე მოთხოვნა კი, გასულ წელთან შედარებით, მესამედით არის გაზრდილი.
- მაისის ბოლოდან, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე უკრაინის გახშირებული თავდასხმების ფონზე, რუსეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი შეიქმნა.
- სააგენტო РБК-ს გამოთვლებით, ივლისის დასაწყისისთვის, იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც საწვავის გაყიდვაზე რაიმე სახის შეზღუდვა მოქმედებს, 60-ს მიუახლოვდა. სტატისტიკაში გათვალისწინებულია ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიც.
კონტექსტი: კრიზისის ფონზე, რუსეთის მთავრობამ 2026 წლის ბოლომდე დაუშვა "ევრო-3" კლასის საწვავის ბრუნვა - ეს არის დაბალი ხარისხის საწვავი, რომელსაც ევროპაში 2000-2005 წლებში იყენებდნენ.
- გარდა ამისა, საწვავის ნაკლებობის გამო, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ნავთობპროდუქტების შესყიდვები საზღვარგარეთ გაეზარდა. უცხოელ ექსპორტიორებთან შესაბამისი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
- Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთმა მოსკოვს საზღვაო გზით უკვე გაუგზავნა მინიმუმ 60 ათასი ტონა ბენზინი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთანაც.