ახალი ამბები

00:29 | 02 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა ინდოეთისგან ბენზინის შესყიდვა დაიწყო

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით არსებული საწვავის კრიზისის შესამსუბუქებლად ინდოეთში ბენზინის შესყიდვა დაიწყო.


ვითარების არსი: გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციაში საზღვაო გზით უკვე გაიგზავნა სულ მცირე 60 ათასი ტონა ბენზინი.


  • სააგენტოს კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ დააზუსტა, რომ 30-40 ათასი ტონის მოცულობის პარტიები რუსეთში ორი ტანკერით გაიგზავნა.
  • Reuters-ის მესამე წყაროს თქმით, საერთო ჯამში რუსეთი გეგმავს თვეში დაახლოებით 400 ათასი ტონა ბენზინის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბელორუსიდან, რომელიც უკვე აწვდის საწვავს რუსულ ბაზარს.
  • გამოცემის გათვლებით, ივნისის პირველ ნახევარში ბელორუსმა რუსეთში ბენზინის რკინიგზით მიწოდება, მაისის პირველ ნახევართან შედარებით, თითქმის გაასამმაგა.


სტრიქონებს შორის: ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მიაწვდის ბენზინს რუსეთს. Reuters ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულში რუსეთში ბენზინის მოხმარება დღეში სულ მცირე 110 ათას ტონას შეადგენს.


  • მანამდე РБК, სახელმწიფო დუმის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერდა რუსეთის გეგმების შესახებ, დაეწყო დიდი რაოდენობით ბენზინის იმპორტი ინდოეთიდან ქვეყანაში საწვავის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
  • ამასთან, დუმა აპირებდა მხარი დაეჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ბიუჯეტიდან სუბსიდიების გაცემას იმ ნავთობკომპანიებისთვის, რომლებიც ბენზინს საზღვარგარეთ შეისყიდიან.
  • გამოცემის ინფორმაციით, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" ფარგლებს გარეთ წარმოებული იმპორტირებული ბენზინის სუბსიდიის ოდენობა გაიანგარიშება ინდოეთის ბაზარზე ბენზინის ინდიკატური ფასისა და ინდოეთის პორტებიდან მისი მიწოდების ხარჯების საფუძველზე. 


დიდი სურათი: ინდოეთი, ჩინეთსა და თურქეთთან ერთად, რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. ამ სამ ქვეყანაზე მოდის რუსეთიდან ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 98%.


  • რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთი რუსული Urals-ის მარკის ნავთობის შესყიდვის აბსოლუტური ლიდერი გახდა.
  • 2026 წლის ივნისში ის დღეში 2.66 მილიონ ბარელამდე რუსულ ნავთობს იღებდა.
  • ანალიტიკური სააგენტოების მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სისტემატური თავდასხმების გამო, რუსეთის ფედერაციაში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო ბენზინის გამოშვება 25%-ით.


კონტექსტი: Reuters აღნიშნავს, რომ რუსეთში ბენზინის დეფიციტი ამჟამად შიდა მოხმარების 20%-ს აღწევს.


  • რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელისუფლებამ საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, ხოლო ანექსირებულ ყირიმში მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე, 21 ივნისიდან შეწყვეტილია საწვავის მიყიდვა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.  
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე