10:31 | 18 აგვისტო, 2026 — რუსეთი
რუსეთში გამოძალვაში ბრალდებულ ФСБ-ს პოლკოვნიკს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) გადამდგარ პოლკოვნიკსა და Telegram-არხების, "კრემლიოვსკაია პრაჩკასა" და "ნეზიგარის" ადმინისტრატორს, მიხაილ პოლიაკოვს 11 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.
ეს არის ყველაზე მკაცრი განაჩენი Telegram-არხების ადმინისტრატორების წინააღმდეგ აღძრულ იმ საქმეთა სერიაში, რომლებშიც მათ გამოძალვაში ედებოდათ ბრალი.
ვითარების არსი: პოლიაკოვს ასევე დაეკისრა ჯარიმა 800 000 რუბლის ოდენობით და ჩამოერთვა პოლკოვნიკის წოდება.
- პოლიაკოვის გარდა, განაჩენი გამოუტანეს კიდევ ორ პირს, რომლებიც სასამართლომ ძალოვანის თანამზრახველებად მიიჩნია - მეწარმე ალექსანდრ სანინს 9 წლით და თარჯიმან დენის სავინსკის 8 წლით კოლონიაში პატიმრობა.
- გამოძიების ვერსიით, პოლიაკოვმა კომპანია "ბიზნეს კომუნიკაციების" ხელმძღვანელ ივან სამოილენკოსთან (იძებნება) ერთად შეიმუშავა საჯარო პირებისგან ფულის გამოძალვის სქემა.
- გამოძალვის იარაღად გამოძიება ასახელებს პოლიაკოვის მიერ კონტროლირებად Telegram-არხებს: "ნეზიგარს", "კრემლიოვსკაია პრაჩკასა" და "ვჩკ-ოგპუ-ს".
- საქმეში დაზარალებულები არიან კომპანია "ლანიტის" გენერალური დირექტორი ალექსეი კაზინი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი სლეპნიოვი, რომლებმაც გამოძიების თანახმად, "ნეზიგარის" წარმომადგენელს შესაბამისად 44,7 მილიონი და 5,3 მილიონი რუბლი გადასცეს.
ჩაშლილად: 2022 წლამდე პოლიაკოვი ხელმძღვანელობდა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ФСБ-ს სამმართველოს კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურს.
- პოლიაკოვის საქმე ერთადერთი არ არის, Telegram-არხების ადმინისტრატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქამდეც არაერთხელ აღიძრა.
- ყველა ფიგურანტს გამოძიებამ პოსტების წაშლის სანაცვლოდ თანხის გამოძალვაში დასდო ბრალი.
- მანამდე განხილულ ყველა საქმეზე სასჯელის ვადა დღეს დანიშნულზე ნაკლები იყო. მაგალითისთვის, "პროექტ სკანერისა“ და Riddle-ის ადმინისტრატორებს - ალექსეი სლობოდენიუკს, ევგენი მოსკვინსა და ვლადისლავ მალუშენკოს - 8-8 წლით კოლონია მიუსაჯეს. "ადსკიე ბაბკის" ადმინისტრატორებს, ალექსანდრა ბაიაზიტოვასა და ოლგა არხაროვას, შესაბამისად 5 და 4,5 წელი მიესაჯათ, ხოლო ინა ჩურილოვას - პირობითი სასჯელი.